არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია: მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და მისი ოჯახის წევრებს PCR-ტესტირება ჩაუტარდა, პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც PCR-ტესტირება ჩაუტარდათ 

„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში“, - აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ვის აცრიან კორონავირუსზე საქართველოში: პირველი დეტალები

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ COVID-19 დაუდასტურდა რუსთავში მცხოვრებ სახელმწიფო დაცვის სამსახურის 47 წლის თანამშრომელს, დღეს დილით გავრცელდა. ინფორმაცია რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ დაადასტურა. მან მომატებული ტემპერატურით რუსთავის ცხელების ცენტრს მიაკითხა. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს ადგენენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში შვიდით გაიზარდა და 1469-ს მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1221 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 209 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.