დაუმორჩილებელი გურულები: როგორ დაარსდა გურიის რესპუბლიკა

გურიის აჯანყება მარცხით დასრულდა, მაგრამ ცხელსისხლიანი და შეუპოვარი მეომრების სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო და მამაცი გურულები თავისუფლებისა და თანასწორობისთვის მებრძოლთათვის მისაბაძ ეტალონად იქცნენ.
Sputnik

115 წელი გვაშორებს გურიის „დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ შექმნას, რომელმაც სულ რამდენიმე თვე იარსება, თუმცა მან მაინც დატოვა თავისი კვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მან მტერსაც და მოყვარესაც დაანახა, რომ მებრძოლი ქართული სული არ ჩამკვდარა და მისი საბოლოოდ გატეხვა შეუძლებელია.

გურია, იგივე ოზურგეთის მაზრა, იყო ერთ-ერთი სუსტად განვითარებული და ღარიბი რეგიონი რუსეთის უზარმაზარ იმპერიაში. სიღატაკითა და დუხჭირი ცხოვრებით გამოწვეული ეპიდემიების გამო ახალგაზრდობა გურიიდან გარბოდა და ძირითადად ბათუმში გადადიოდა საცხოვრებლად, რომელიც კავკასიაში ყველაზე დიდი საპორტო ქალაქი იყო. ბათუმში ფუნქციონირებდა უმსხვილესი (მათ შორის ნობელისა და როტშილდის) კომპანიები, რომლებშიც უამრავი გურული ახალგაზრდა მუშაობდა და იქ შეგროვებული კაპიკებით არჩენდა ოჯახებს.

თუმცა რუსეთის იმპერიაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრმა კომპანიამ (მათ შორის ნობელმაც) დახურა საწარმოები და უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა. გურულებმა ბათუმი დატოვეს და ისევ მშობლიურ სოფლებს მიაშურეს. შესაბამისად, რეგიონი გადაივსო პოლიტიკურად აქტიური და მთავრობით უკმაყოფილო ადამიანებით, რომლებიც რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატთა მთავარ დასაყდენად იქცნენ.

გაცუდებული აუდიენცია მეფე-მზესთან, ანუ რატომ დაგვაღალატა საფრანგეთმა

1905 წლის დასაწყისიდან გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ, აამოქმედეს სოფლებში შექმნილი შეიარაღებულ გლეხთა ასეულები და ოზურგეთის მაზრა რევოლუციის ქარცეცხლში გაეხვა. რევოლუციაში დაახლოებით 15 ათასამდე შეიარაღებული გურული იღებდა მონაწილეობას. 

1905 წლის 11 თებერვალს გურიაში გაიგზავნა სადამსჯელო რაზმი 10 ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით, რომელსაც სისასტიკით განთქმული მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი ხელმძღვანელობდა. გენერალს კავკასიის მაშინდელი მეფისნაცვლის — ვორონცოვ–დაშკოვისგან სრული კარტ-ბლანში ჰქონდა მიღებული. საერთოდ, მეფისნაცვალი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა და ამიტომაც მიანდო „სომეხი ხალხის საუკეთესო შვილს“ ურთულესი საქმე — „კრაზანების ბუდედ“ ქცეული გურიის დაშოშმინება.

სამთავრობო შენაერთი ნატანებთან დაბანაკდა, გენერალი თავიდან შეეცადა აჯანყებულ გლეხების სიტყვით დაშოშმინებას და მათთან მოსალაპარაკებლად სულთან კრიმ-გირეი გაგზავნა. 1905 წლის 23 თებერვალს კრიმ-გირეი სოფელ ბახვში ჩავიდა და სოფლის ეკლესიასთან შეხვდა ხუთას აჯანყებულს. გურულების არჩეულმა თორმეტმა წარმომადგენელმა კრიმ-გირეის საკუთარი მოთხოვნები გააცნო, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ე.წ. „ბახვის მანიფესტში“. ისინი მოითხოვდნენ:

  • წოდებათა გაუქმებას;
  • საუფლისწულო, საეკლესიო, სამონასტრო ქონების კონსიფიკაციასა და გლეხებისთვის მათ უსასყიდლოდ გადაცემას;
  • ყოველგვარი საბატონო, საეკლესიო და სახელმწიფო ბეგარის გაუქმებას;
  • სიტყვის, კრების, ბეჭვდის თავისუფლებას, პიროვნების ხელშეუხებლობას;
  • სავალდებულო უფასო დაწყებითი სწავლის დაწესებას;
  • სახალხო მთავრობის არჩევას პირდაპირი და ფარული კენჭისყრით.
  • სახალხო სასამართლოს დაარსებას, მოსმართლეთა არჩევითობას და სასამართლო პროცესების ქართულ ენაზე წარმოებას.
ქართველთა მიერ შემუსრული „დაწყევლილი ქალაქი“, ანუ რატომ ადევს ალეპოს სააკაძის ცოდვა

რა თქმა უნდა, მეფის ხელისუფლებას არანაირად არ აინტერესებდა გურული გლეხების მოთხოვნები და არც მათ დაკმაყოფილებას აპირებდა. ალიხანოვ-ავარსკის უბრალოდ დრო გაჰყავდა. მთავრობა ფიქრობდა, რომ გარკვეული ხნის შემდეგ საპროტესტო აქტივობა შემცირდებოდა და აჯანყებული გლეხები მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდებოდნენ. მაგრამ გურულები გულხელდაკრეფილი ჯდომას არ აპირებდნენ — როცა დაინახეს, რომ მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არაფერი კეთდებოდა, ისევ იარაღს მოჰკიდეს ხელი.

მეფის ხელისუფლებამ ოზურგეთის მაზრასა და კინტრიშის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სადამსჯელო რაზმი აამოქმედა. 13 მარტს რეგულარულმა არმიამ ოზურგეთი აიღო. იმავე წლის აგვისტოში საქმე მომთავრებულად ჩაითვალა და სადამჯელო ჯარი გურიიდან გაიყვანეს. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ილია ჭავჭავაძემ და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა. სწორედ მათი აქტიურობის შედეგი იყო ის, რომ 1905 წლის აგვისტოში მთავრობამ ალიხანოვ-ავარსკი და მისი ჯარიკაცები უკან გაიწვია.

მართალია, ჯარმა დატოვა გურია, მაგრამ პრობლემები და გაუსაძლისი სიღატაკე არსად გამქრალა. ამიტომ გურიაში ისევ იფეთქა აჯანყებამ. რევოლუციურ კომიტეტს ჰყავდა სამხედრო შტაბი, რომელსაც ექვემდებარებოდნენ მებრძოლი ძალები. ეს შტაბი ნოე ჩიგოგიძის სახლში იყო მოწყობილი და იქვე ინახებოდა იარაღიც. შტაბი ასევე განაგებდა ტერორისტების ჯგუფსაც, რომელიც კომიტეტის გადაწყვეტილებებს ასრულებდა.  

1905 წლის 21 ოქტომბერს რიონის რკინიგზიდან სამხედრო მატარებელი გადავარდა, რომლითაც გურიაში დამსჯელი რაზმი იგზავნებოდა. ლიანდაგი წინასწარ იყო დაზიანებული. ბუნებრივია, მსხვერპლი დიდი იყო, თანაც აჯანყებულებმა მოიგეს დრო და სათანადოდაც მოემზადნენ დამსჯელების დასახვედრად. რევოლუციონერები სუფსასა და ჯუმათის სადგურებს შორის დაეხსნენ თავს ბათუმიდან მომავალ მატარებელს, დაიტაცეს საბრძოლო იარაღი და ტყვია-წამალი.

ამბავი ათაბაგის ლაშქრობისა და დუქნის კარზე ყურით მიჭედებული უსტაბაშისა

1905 წლის 20 ოქტომბერს ნასაკირალთან აჯანყებულებსა და სამთავრობო ჯარებს შორის გაიმართა ბრძოლა. რევოლუციონერებმა, ბენია ჩხიკვიშვილისა და ნესტორ ერქომაიშვილის მეთაურობით, დაამარცხეს სამთავრობო ჯარები. მაზრის უფროსმა ლაზარენკომ მოკლულთა სახით 15 მეომარი დაკარგა, მრავლად ჰყავდათ დაჭრილები. თუმცა მას ძალიან გაუმართლა, რომ ნაგომარ-ნასაკირალის გზაზე ღამით გავიდა, ეს ბრძოლა მზის სინათლეზე რომ გამართულიყო, ჩასაფრებულ აჯანყებულებს ცოცხალი ვერავინ გადაურჩებოდა. ლაზარენკოს ჯარისკაცებმა დაჭრილ-დახოცილი თანამებრძოლები მიატოვეს, სიბნელით ისარგებლეს და ტყეს შეაფარეს თავი.

გამარჯვებულებმა დაიკავეს რკინიგზის სადგური, ფოსტა-ტელეგრაფის, სალაროს (ბანკის) და ქალაქის სამმართველოს (მაზრის უფროსის ლაზარენკოს რეზიდენცია) შენობები. აჯანყებულებმა კონტროლი დააწესეს მთლიანად ოზურგეთის მაზრაზე და გურიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ კვაზისახელმწიფოს პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი აირჩიეს. გამარჯვების აღსანიშნავად ზალპიც კი გაისროლეს ჰაერში.

რევოლუციონერებმა მრავალი ტყვე ჩაიგდეს ხელში, თუმცა ღარიბ-ღატაკმა გურულმა გლეხებმა დიდსულოვნება გამოიჩინეს — დატყვევებულ კაზაკებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც სტუმრებს.

„ბრძოლაში ჩვენ დანდობა არ ვიცით, მარა როცა ცოცხალი ტყვეები ჩაგივარდება კაცს ხელში, სულგრძელობა უნდა გამოიჩინო, წესიერად მოეპყრო და გაათავისოფლო“, — აცხადებდნენ აჯანყებულები.

თავად არაფრის მქონე გურულები ტყვეებს სასმელ წყალსა და სურსათს არ აკლებდნენ და არც თბილ ტანსაცმელს იშურებდნენ, ის კი არა, ერთ დაჭრილ ოფიცერს უმკურნალეს კიდეც და ფეხზე დააყენეს. გაოგნებულ ოფიცერს უთქვამს, ჩემმა მტერმა დამიპყრო მე სიყვარულითო.

„გურიის რესპუბლიკამ“ 3-4 თვეც ვერ იარსება და ამიტომ მისმა „მთავრობამ“ ვერ მოასწრო დაპირებული რეფორმების გატარება. თუმცა თავად პრეცედენტი ნამვილად რეზონანსული იყო და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა მსოფლიო მაშსტაბით. მართალია, რევოლუციონერებს თანაუგრძნობდნენ, სიტყვიერად ამხნევებდნენ, იარაღსაც აწვდნიდნენ, მაგრამ იმდენად დიდი სხვაობა იყო დაპირისპირებულთა სამხედრო ძალასა და შეიარაღებაში, რომ აჯანყებული გურულები, მიუხედავად ეპიზოდური წარმატებებისა, თავიდანვე დამარცხებისთვის იყვნენ განწირული.

მარტყოფის ბრძოლა — მარცხი, რომელ აროდეს ენახა „ალაჰის ჩრდილს“

აჯანყებულთა დასასჯელად ქალაქ ხერსონიდან გადმოისროლეს სადამსჯელო რაზმი პოლკოვნიკ სერგეი კრილოვის მეთაურობით. 1906 წლის 10 იანვარს კრილოვი გურიაში ჩავიდა. რევოლუციურმა კომიტეტმა ჩათვალა, რომ მრავალრიცხოვან სამხედრო შენაერთთან შეტაკება არ იქნებოდა შედეგის მომტანი და პოლკოვნიკთან სამშვიდობო მოლაპარაკება გამართა. კრილოვმა გურულებს აღუთქვა, რომ თუ ისინი ოზურგეთს უბრძოლველად დატოვებდნენ და წინააღმდეგობის გაწევას შეწყვეტდნენ, არავის დასჯიდა. თუმცა, როგორც კი ე.წ. „ხერსონული კორპუსი“ ოზურგეთში შევიდა, დაპირება დაივიწყა — მოსახლეობა დააწიოკა და ქალაქი გადაწვა.

ეს ტანმორჩილი, თხელი და შავგვრემანი კაცი მონსტრად ექცა ოზურგეთელებს. ხოცვა-ჟლეტა და ქალების გაუპატიურება იმ დროის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ეგზეკუციის ხელმძღვანელი არავის ინდობდა, შეუბრალებლად ხვრეტდა ეჭვმიტანილებს, საკმარისი იყო ვიღაცის დასმენა, რომ ცეცხლს უნთებდნენ მათ სახლ-კარს. არავინ იწუხებდა თავს იმის გაგებით, ვინ იყო „დამნაშავე“ და ვინ — არა. ოზურგეთელთა დამრბევი ცინიკურად ამართლებდა თავის ნაბიჯებს – გარჩევა საჭირო არაა, ღმერთი გაარჩევს ბრალიანსა და უბრალოსო.

სასტიკ ეგზეკუციას გურულებმა ბრძოლით უპასუხეს. მათ ისეთ დღეში ჩააგდეს კრილოვი და მისი პოლკი, რომ სიკვდილის შიშით დაზაფრულმა პოლკოვნიკმა მიატოვა იქაურობა და ღამით ბათუმში გაიპარა. მეორე ღამით კი მალულად ჩაჯდა გემში და საიდანაც იყო მოსული, ისევ იქით გაქუსლა (კიევში).

თუმცა კრილოვის სისასტიკემ შედეგი მაინც გამოიღო და 1906 წლის ზაფხულის დადგომამდე მთავრობამ მაინც მოახერხა „ბუნტის“ ჩახშობა. დააპატიმრეს ჯანყის მოთავეები. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ მოსალოდნელი ტერაქტების შიშით ვერ გაბედა მათი საქართველოში გასამართლება, ამიტომ სასამართლო პროცესები ქალაქ ოდესაში გამართა. სამასზე მეტი აჯანყებული ციმბირში გადაასახლეს. გადასახლებულებს შორის ლეგენდარული რევოლუციონერი და ტერორისტი ნესტორ კალანდარიშვილიც იყო, რომელიც ისტორიის ფურცლებს „ციმბირელი პაპის“ სახელით შემორჩა. მკაცრად დასაჯეს მეთაურები – ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი, გიორგი მამულაიშვილი, ანტონ  ლომჯარია, მოსე ტუღუში, სიმონ ტოტოჩავა, სიმონ ღლონტი, კარლო ლომაძე. გურიის კომიტეტის წევრებიდან მხოლოდ გრიგოლ დუმბაძე გაექცა სასჯელს, რომელიც შუა აზიაში გადაიკარგა და ცარიზმის დამხობამდე საქართველოში არც გამოჩენილა.

რატომ არ სჯიდნენ ბაგრატიონები სიკვდილით მოღალატე ბაღვაშებს: მეფეთა მადლიერება

მართალია, რევოლუცია დამთავრდა, მაგრამ ეგზეკუციის მომწყობებზე ნადირობა არ შეწყვეტილა. თბილისში მოკლეს ოზურგეთის მაზრის ყოფილი უფროსი ტოლმაჩოვი და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ალიხანოვ-ავარსკის. პირველი თავდასხმა მასზე ქუთაისში 1906 წლის 16 მაისს მოაწყვეს აფრასიონ მერკვილაძის რაზმელებმა, რომლებმაც მისი მიმართულებით შვიდი ხელყუმბარა გაისროლეს. მაშინ გენერალი მძიმედ დაიჭრა, დაშავდა ალიხანოვის ძმა და რამდენიმე კაზაკი.

გენერლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა სომხეთის ქალაქ ალექსანდროპოლში (გიუმრი) მოწყობილი თავდასხმა. 1907 წლის 3 ივლისს, ღამის ორ საათზე ოფიცერთა კრებიდან ეტლით მიმავალ ალიხანოვს შურისმაძიებლებმა ორი ყუმბარა ესროლეს. ალიხანოვ-ავარსკი, გენერალ გლებოვის ცოლი და მეეტლე დაიღუპნენ, ხოლო ალიხანოვის ვაჟი და გლებოვის ქალიშვილი დაიჭრნენ. თავდამსხმელებმა კი სროლით გაიკაფეს გზა და სამშვიდობოს გავიდნენ. ეს ტერაქტი დაშნაკებს დაბრალდათ, თუმცა თავდამსხმელები ისევ მერკვილაძის რაზმელები იყვნენ, რომლებმაც ქუთაისში დაწყებული საქმე გიუმრიში დაასრულეს.

სიკვდილს ვერც გურიის კიდევ ერთი ამაოხრებელი სერგეი კრილოვი გადაურჩა. გურულმა ტერორისტებმა ის ბაქოში ააფეთქეს. ამ ტერაქტის ორგანიზატორი სახელგანთქმული ფირალი მელქისედეკ გუნთაიშვილი იყო.

მართალია, გურიის აჯანყება მარცხით დასრულდა, მაგრამ ცხელსისხლიანი და შეუპოვარი მეომრების სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო და მამაცი გურულები თავისუფლებისა და თანასწორობისთვის მებრძოლთათვის მისაბაძ ეტალონად იქცნენ.