მეორე რუსული ვაქცინა შეიძლება დაჩქარებული წესით დარეგისტრირდეს

რუსეთში პირველი კორონავირუსული ვაქცინა აგვისტოში დარეგისტრირდა, მეორე ვაქცინის დარეგისტრირება კი შეიძლება დაჩქარებული წესით მოხდეს.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო ― Sputnik. რუსული წარმოების მეორე ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ შეიძლება დაჩქარებული წესით დარეგისტრირდეს, განაცხადა ტელეარხ Россия 24-ის ეთერში ცენტრ „ვექტორის“ ზოონოზური ინფექციებისა და გრიპის განყოფილების ხელმძღვანელმა ალექსანდრ რიჟკოვმა. 

„მესამე ეტაპი პარალელურად განხორციელდება ― რეგისტრაციის შემდეგ“, ― დააზუსტა მან.

ახლა ვაქცინა კლინიკური კვლევების მეორე ეტაპს გადის და მისი დასრულება სექტემბერში იგეგმება. ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას თქმით, ამ მომენტისთვის ცდებში მონაწილე მოხალისეებს პრეპარატის გამო გართულებები არ გამოვლენიათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა სამოქალაქო ბრუნვაში შევა

მანამდე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ „ვექტორის“ ვაქცინა ისევე საიმედო და ეფექტური იქნება, როგორიც გამალეის ცენტრში შექმნილი პირველი ვაქცინაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ „ვექტორის“ სპეციალისტებიც შესანიშნავ პრეპარატს შექმნიან, რომელიც ძალიან დაეხმარება ადამიანებს“, ― აღნიშნა პუტინმა „როსია 24“-სთვის მიცემულ დიდ ინტერვიუში. 

მსოფლიოში პირველი რუსული კორონავირუსული ვაქცინა აგვისტოში დარეგისტრირდა. პრეპარატი გამალეის სახელობის ცენტრში შეიქმნა პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით. მას სახელად Спутник V ეწოდა. ჯანდაცვის მინისტრის მიხაილ მურაშკოს განცხადებით, პრეპარატი უკვე გავიდა სამოქალაქო ბრუნვაში.