მსოფლიო დღეს

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბიბლიური ქალაქი, სადაც ქრისტემ სასწაულები მოახდინა

არქეოლოგებმა წარმატებით დაასრულეს ძიება და 32-წლიანი შრომის შემდეგ ისრაელში ბიბლიური ქალაქის ნანგრევებს მიაგნეს.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. არქეოლოგებმა ისრაელის გოლანის მაღლობებზე უძველესი დასახლების ნანგრევები აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ეს ცნობილი ბიბლიური ქალაქის ბეთსაიდის ნანგრევებია, იუწყება Daily Mail. 

ბიბლიიდან ცნობილია, რომ სწორედ ბეთსაიდაა ის ქალაქი, რომელშიც იესო ქრისტემ ცნობილი სასწაულები მოახდინა — თვალისჩინი დაუბრუნა ბრმას და ხუთი ათასი კაცი დააპურა ხუთი პურითა და ორი თევზით.

​გარდა ამისა, ბეთსაიდა (ივრითზე ‏בית צידה‏‎ — „თევზაობის სახლი“) იყო მოციქულების — პეტრეს, ანდრიასა და ფილიპეს მშობლიური ქალაქი.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ბიბლიურ ქალაქს 32 წლის განმავლობაში ეძებდნენ, რა დროსაც ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის შრომებს ეყრდნობოდნენ.

„როგორც ფლავიუსი მიუთითებს, ქალაქი „დაბალ გოლანებზე“ მდებარეობდა, მდინარე იორდანეს შესართავთან ახლოს“, — ამბობს ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი რამი არავი.

სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა გათხრები მითითებულ ადგილზე.

არქეოლოგებმა უკვე აღმოაჩინეს მეთევზეების ბადეები და ტაძრის ნანგრევები, რომელიც რომის იმპერატორ ავგუსტუსის მეუღლის იულიუსის სახელზე იყო აგებული.

სპეციალისტები გათხრების გაგრძელებას მას შემდეგ აპირებენ, რაც გადაუღებელი წვიმების შედეგად დაგროვილი წყალი დაიკლებს.