თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასო ტესტირებით 712-მა პირმა ისარგებლა და PCR–კვლევის შედეგი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო დადებითი, იუწყება ქართული მასმედია.
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ზე გაფართოებული ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარაში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა, გამოვლინდა ერთეული შემთხვევები, სადაც ინფიცირების წყარო ცნობილი არ იყო.
საკურორტო სეზონზე აჭარაში კორონავირუსზე PCR–კვლევის უფასოდ ჩატარებისა და ტესტირების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს.
სპეციალისტებმა ამისთვის კარავი ბათუმის ძველ ბულვარზე დადგეს, ანალოგიური კარავი ახალ ბულვარსა და ქობულეთის პარკშიც დაიდგა. ამგვარად, 21 აგვისტოდან ბათუმის ბულვარში ორ ლოკაციაზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო ტესტირება უტარდება.
რეგიონში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.
15 აგვისტოს კორონავირუსი ქობულეთში მდებარე კაფე-ბარ „ჰავანას“ თანამშრომელს დაუდგინდა. აქ სულ ხუთი ინფიცირებულია, აქედან ორი – უშუალოდ კაფეს თანამშრომელი.
გუშინ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19 დაუდგინდა ოჯახური ტიპის სასტუმროს მეპატრონეს, რომელიც ქობულეთში სააფთიაქო ქსელ „ავერსის“ თანამშრომელია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1455-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1196, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 5806 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 230 პაციენტია.