მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალი, რომელმაც აივ-ინფექცია მკურნალობის გარეშე დაამარცხა

მეცნიერებმა შეისწავლეს ე.წ. „ელიტური კონტროლერების“ ჯგუფი, რომელშიც სულ 64 ადამიანი შედის მთელი მსოფლიოდან.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალი, რომელმაც აივ-ინფექცია დამოუკიდებლად, სამედიცინო ჩარევის გარეშე დაამარცხა, ნათქვამია პორტალ Nature-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

კიდევ ერთი: აივ-ინფექციისგან მსოფლიოში მესამე ადამიანი განიკურნა

გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტებმა იმ მცირე ჯგუფის (64 ადამიანი) ანალიზები შეისწავლეს, რომლებიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით არიან დაავადებული, თუმცა ჯანმრთელობის კორექციისთვის მედიკამენტებს არ იღებენ. სწორედ მათ შორის აღმოჩნდა პაციენტი ქალი, რომელსაც უკვე 25 წელია, რაც აივ-ინფექცია აქვს.

როგორც ირკვევა, მეცნიერებმა ქალის სისხლში ვირუსის უჯრედები კი გამოავლინეს, მაგრამ შემდგომი გამრავლების უნარი არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა.

ვირუსოლოგების თქმით, ეს არის პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომლის იმუნიტეტიც აივ-ინფექციას თერაპიისა და ძვლის ტვინის გადანერგვის გარეშე გაუმკლავდა.

სტატიის ავტორების განმარტებით, ამ მომენტისთვის ექსპერტებს არ აქვთ საკმარისი ცნობები საიმისოდ, რომ აღნიშნული შემთხვევა უნიკალურად აღიარონ. ამიტომ მედიკოსები საკითხზე მუშაობას განაგრძობენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია სამი პაციენტის შესახებ, რომლებიც აივ-ინფექციისგან განიკურნენ. ორ მათგანს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა, მესამემ კი ანტივირუსული პრეპარატებისა და ნიკოტინამიდის აგრესიული კომბინაციის კურსი გაიარა.