სიზმრების ახსნა ავტომატურად: შექმნილია სპეციალური ალგორითმი

იტალიელმა მეცნიერებმა სიზმრების ანალიზის სპეციალური ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც ფსიქოთერაპევტებსაც დაეხმარება და მათ პაციენტებსაც.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. იტალიელმა მეცნიერებმა სიზმრების ავტომატური ანალიზის ალგორითმი შექმნეს, იუწყება Royal Society Open Science.

გავრცელებული ინფორმაციით, ამისათვის Roma Tre University-ს სპეციალისტებს 24 ათასი სიზმრის შესახებ ინფორმაციისა და ფსიქოთერაპევტების დასკვნების შესწავლა მოუხდათ.

რომელი სიზმრები გვაუწყებს სიკვდილს – მეცნიერული კვლევა

აღსანიშავია, რომ ამჟამად ფსიქოთერაპევტები სიზმრების ინტერპრეტაციისთვის ჰოლისა და ვან დე კასლის მეთოდს იყენებენ, რომელიც სიზმრების სისტემატიზაციას პერსონაჟების, მათ შორის ურთიერთქმედებებისა და ამ ურთიერთქმედებების პერსონაჟებზე ეფექტის მიხედვით ახდენს.

ასეთი ანალიზი დიდ დროს მოითხოვს და საკმაოდ რთულია, ამიტომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ალგორითმი, რომელიც ამ ყველაფერს ავტომატურად გააკეთებდა.

იტალიელმა სწავლულებმა სიზმრების ბაზა DreamBank-ით ისარგებლეს, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება სიზმრების პერსონაჟებზე, სოციალურ ურთიერთქმედებებსა და იმ ემოციებზე გაამახვილეს, რომლებსაც მძინარე ადამიანები განიცდიდნენ.

განმეორებადი სიზმრები ფროიდის მიხედვით: რატომ გვესიზმრება და რას ნიშნავს>>

ამის შემდეგ სპეციალისტებმა მიღებული შედეგები ფსიქოთერაპევტების დასკვნებს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი სამი მეოთხედით ემთხვეოდა ერთმანეთს.

მკვლევარები აღიარებენ, რომ მიღებული შედეგი იდეალური არაა, მაგრამ მრავლისაღმთქმელი კია. ნაშრომის ავტორებს იმედი აქვთ, რომ მათი ახალი მეთოდი ფსიქოთერაპევტებს მუშაობას გაუადვილებს და პაციენტებსაც დაეხმარება.