როგორია შატილში დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა? ექიმების პროგნოზი

ექიმებს იმედი გაუჩნდათ – ავტოავარიაში დაშავებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, რომელიც კრიტიკულად ფასდებოდა, პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას გადარჩენილი სამი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დადებითია, განაცხადა ჟურნალისტებთან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა. 

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პაციენტები გამოჯანმრთელდნენ – ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან მიკროავტობუსი გადავარდა, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. მათი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად შეფასდა. ორ პაციენტს შინაგანი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ.

„პაციენტების მდგომარეობაში გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ შოკის კლინიკა მოიხსნა. კლინიკურ-ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია“, – განაცხადა რატიანმა.

მისი განმარტებით, კლინიკაში შეყვანის მომენტში პაციენტების მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუსაბამო და კრიტიკული იყო, თუმცა მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის გაუმჯობესებულია.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.