როდის შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა

მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურები დარღვეული აქვს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო 11 წლის მოზარდის დედას საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარება

23 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებობს ეჭვი, რომ ბავშვის სიკვდილთან კავშირი აქვს მამას, რომელიც, ნათესავებისა და მეზობლების თქმით, ბავშვს გამუდმებით ცუდად ექცეოდა. იგი დაკავებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულია.

მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება. მოზარდის დედა საქართველოში არ შემოუშვეს. თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან ის საბერძნეთში გააბრუნეს. მიზეზი ვადაგასული პასპორტი და საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევა გახდა.

„ჩვენ მყისიერად ჩავერთეთ ამ პროცესში. პროცესი გართულებულია იმით, რომ ჩვენს მოქალაქეს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურები დარღვეული აქვს როგორც საბერძნეთთან, ისე თურქეთთან მიმართებით. ამიტომ ჩვენი საკონსულო ორივე ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია. უახლოეს დღეებში აუცილებლად მოვაგვარებთ ამ კუთხით წარმოქმნილ პრობლემას და ასევე უზრუნველვყოფთ მის საჰაერო გზით გადმოყვანას საქართველოში”, – განაცხადა ზალკალიანმა.
თერჯოლაში გარდაცვლილი ბავშვის დედა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან საბერძნეთში გააბრუნეს

საქართველოს მთავრობა ჩამოსვლისას ასევე უზრუნველყოფს მის PCR-ტესტირებას.

გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა სამართალდამცველებმა 23 აგვისტოს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით წარედგინა.

მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ყველას, ვინც იცოდა ძალადობის ფაქტის შესახებ და არანაირი ზომა ამის აღსაკვეთად არ მიიღო.