რთველში სტუდენტები ჩაერთვებიან

რთვლის დროს საქმე ყველასთვის მოიძებნება და მათ შორის სტუდენტებისთვისაც – მათ ღვინის ქარხნებში ოპერატორის სამუშაო შესთავაზეს.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. კახეთში რთვლის პერიოდში ადგილობრივი სტუდენტები ღვინის ქარხნებში ოპერატორებად მუშაობას შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამ პოზიციაზე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების 120 სტუდენტი შეარჩიეს. მათ ჯერ „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბში გაესაუბრნენ, შემდეგ კი დარგის სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაუტარეს.

კახეთში რთველი დაიწყო: უკვე გადამუშავდა 200 ტონაზე მეტი ყურძენი

მოსავლის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. ის აღებული მოსავლის შესახებ სრულ ინფორმაციასა და ზუსტი მონაცემების შეკრებას ემსახურება. პროგრამა ხელს უწყობს ყურძნის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნავენ სააგენტოში.

ზოგიერთ შერჩეულ სტუდენტს უკვე აქვს წინა წლებში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სტუდენტები ღვინის საწარმოებში თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განაწილდებიან. მათი ხელფასი თვეში 900 ლარამდე იქნება.

რთველი კახეთში უკვე დაიწყო, ღვინის ქარხნებმა უკვე გადაამუშავეს 200 ტონაზე მეტი ყურძენი. წელს კახეთში სულ 300 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.