თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თბილისის ცენტრში ცოტნე დადიანის და თამარ მეფის ქუჩებს ხიდი დააკავშირებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ უამბო.
ბითაძემ იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მერიას აღნიშნული პროექტის რეალიზაციაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაეხმარებიან.
„დადიანი-თამარ მეფის ხიდი ამ ორ მიმართულებას დააკავშირებს ერთმანეთთან. რაც მთავარია, კერძო ავტომობილებს ნაძალადევში მიღწევის პრობლემა აღარ ექნებათ და არ მოუწევთ სატრანზიტოდ ჩუღურეთისა და დიდუბის გამოყენება“, – განაცხადა ბითაძემ.
მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების ყველა თანამშრომელს, ექსპერტებს და მოსახლეობას სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.