თურქეთში სამუშაოდ წასვლის ნებართვა საქართველოს 2 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

დროებითი დასაქმებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთში დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი სამთვიანი მიწვევა.
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. თურქეთში სამუშაოდ წასვლის ნებართვა საქართველოს 2 ათასზე მეტმა მოქალაქემ უკვე მიიღო, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე გამგზავრების ნებართვა 4 აგვისტოდან დართო. 

რიჟვაძის განცხადებით, ხელისუფლება ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს, რათა შესაბამისი მიწვევის მქონე მოქალაქეებმა ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვით მოახერხონ სამუშაოდ წასვლა. 

გახარია: სახელმწიფო გააგრძელებს შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას

„დღევანდელი მდგომარეობით, 2 ათასზე მეტმა პირმა მიიღო მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლის ნებართვა. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა შესაბამისი მიწვევის წარმოდგენის შემთხვევაში არავის შეექმნას დაბრკოლება და საზღვრის კვეთა მოხერხდეს მინიმალური ბარიერებით“, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

დროებითი დასაქმებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთში დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი, ნოტარიულად დამტკიცებული სამთვიანი მიწვევა, სადაც აღნიშნული იქნება დასაქმებულის პირადი მონაცემები.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა უნდა გაიარონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე abroadworkers.moh.gov.ge. 

რა უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ, თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე რომ დასაქმდეს

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მიწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. განაცხადებს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი იხილავს. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადების განხილვისთვის დადგენილებით შვიდი დღეა გათვალისწინებული, თურქეთში გასვლის მსურველები პასუხს 48 საათში იღებენ.

აჭარის დასაქმების სააგენტო მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში უანგაროდ ეხმარება. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე http://visit.hrajara.gov.ge/nebartva/ ან ტელეფონის ნომრებზე: 1505, (0422) 24 78 82, (0422) 24 78 83.

თურქეთთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება იმ ადამიანებისთვის, რომელთათვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სეზონური სამუშაოები იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ, მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით მიიღო.