თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. დაღუპული 11 წლის ბავშვის ნათესავები დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას და თურქეთში საქართველოს საელჩოს მიმართავენ.
როგორც პირველ არხს ბიჭის დამ, თინათინ აბჟანდაძემ განუცხადა, მათი დედა, რომელიც საბერძნეთიდან საქართველოში შვილის დასამარხად მოემგზავრებოდა, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს და საბერძნეთში დააბრუნეს ვადაგასული პასპორტის გამო.
„დედას შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლა უნდოდა, ჩვენ მას ველოდებოდით. ახლა ისიც არ ვიცით, როდის დავკრძალოთ ბავშვი“, - განაცხადა თინათინ აბჟანდაძემ.
23 აგვისტოს 11 წლის ბიჭი თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, საკუთარი სახლის ეზოში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებობს ეჭვი, რომ ბავშვის სიკვდილთან კავშირი აქვს მამას, რომელიც ნათესავებისა და მეზობლების თქმით, ბავშვს გამუდმებით ცუდად ექცეოდა. იგი დაკავებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა შვილზე, რაც თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზა. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახური ძალადობა არასრულწლოვანის მიმართ.