საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო დაზარალდა, გამონაკლისი არც ვაჭრობის სფეროა – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარი–ივლისის პერიოდში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,6%-ით შემცირდა და ექვს მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
„Sputnik–საქართველო“ მოგაწვდით ინფორმაციას, რას აწარმოებს საქართველო კორონავირუსის პერიოდში, რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას და როგორ შევუწყოთ ხელი ექსპორტის ზრდას.
რას აწარმოებს საქართველო
საქართველოში საქონლის ფართო ასორტიმენტი იწარმოება — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ძვირფასი ლითონის კონცენტრატები და მადნები, აზოტოვანი სასუქი, ფქვილი და ხორცის, თევზის და კიბორჩხალასებრთა გრანულები, ოქრო, თხილი და სხვ.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოდან ღვინის ექსპორტის მოცულობა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციები შემცირდა – „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში ღვინის ექსპორტი 5,6%-ით შემცირდა.
საქართველოდან ექსპორტზე გადის ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, ბოსტნეული და ხილი, მათ შორის, პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, მწვანილი, მანდარინი, ვაშლი, მსხალი და ატამი.
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სირთულეების მიუხედავად, საქართველო შეუფერხებლად ახორციელებს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გახსნა „მწვანე დერეფანი“, რომლის წყალობითაც ექსპორტიორები ახერხებენ ხილის სწრაფად გატანას საზღვარგარეთ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებშიც კი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოდან დაახლოებით 16,3 ათასი ტონა ეს პროდუქცია გავიდა, რაც 67%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 13,2 ათას ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა გავიდა.
მსოფლიო ბაზარზე პოზიციების გამყარებას, პანდემიის მიუხედავად, გეგმავენ თხილის ექსპორტიორები. საქართველოში თხილის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია – წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს მოსავალი 50 ათას ტონას მიაღწევს. 2020 წლის დასაწყისიდან თხილის ექსპორტი, გასული წლის იანვარი–ივლისის პერიოდთან შედარებით, 38,9%-ით გაიზარდა და 20,5 მლნ დოლარი შეადგინა.
რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას კრიზისის პერიოდში
კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას – „საქსტატის“ მონაცემებით, იანვარი–ივლისში ექსპორტზე დაახლოებით 1,8 მლრდ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია გაიტანეს – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,8%-ით ნაკლები. წლის დასაწყისიდან რეექსპორტის გარეშე ექსპორტი 2%-ით შემცირდა და დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა.
კრიზისის დროს ქართულ პროდუქციას ყიდულობდნენ რუსეთი, ბულგარეთი, ჩინეთი, თურქეთი და უკრაინა.
ქართული ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე: სად და რამდენი გაიტანეს>>>
იმ ქვეყნების ათეულში, სადაც პანდემიის დროს საქართველოდან საქონელი გადიოდა, შედიან ასევე შვეიცარია, აშშ, ესპანეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ყველა ეს ქვეყანა, ესპანეთისა და შვეიცარიის გარდა, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
როგორ უნდა შეუწყოს ხელისუფლებამ ხელი ექსპორტის ზრდას?
ხელისუფლებამ ექსპორტის ზრდის მიზნით ხელი უნდა შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, რათა იმპორტის ჩანაცვლება მოხდეს ადგილობრივი პროდუქციით და განვითარდეს გადამამუშავებელი მრეწველობა, მიაჩნია „საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტს ნიკა შენგელიას.
„ჩვენ ვთვლით, რომ შეცდომაა მთავრობის კურსი, რომელიც კვლავ ტურიზმის სექტორზე კონცენტრირდება. ვფიქრობთ, რომ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა“, – განაცხადა შენგელიამ.
მისი თქმით, თუ იმ პროდუქციის ასორტიმენტი გაიზრდება, რომელიც ქვეყნიდან გადის, მაშინ ექსპორტიდან სარგებელს მეტი ადამიანი მიიღებს.
„ის სეგმენტები, რომლებიც ამ დრომდე ძირითადად ექსპორტზე გადიოდა – ნედლეული, ავტომობილები, ასევე ღვინო და თხილი – ასევე შემცირდა. ამიტომაც მთავრობა უნდა დაფიქრდეს, როგორ განავითაროს გადამამუშავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა“, – განაცხადა შენგელიამ.
როგორ ებრძვის კრიზისს მთავრობა
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა საქართველოს ხელისუფლება აიძულა პრიორიტეტებს გადახედოს – მთავრობამ განაცხადა იმპორტის ჩანაცვლების გეგმებზე, შეიმუშავა სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა, რომელიც მიმართულია ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ, რომლებიც ფლობენ რეგისტრირებულ მიწას.
პროგრამის წყალობით 200 ათასამდე ფერმერი უკვე სარგებლობს დამატებითი შეღავათებით.
რამდენი ტონა ლურჯი მოცვი გაიტანა ექსპორტზე საქართველომ>>>
ქვეყანაში ასევე ხორციელდება რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო პროექტი: „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, საწარმოების თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, „დანერგე მომავალი“, „საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში ფერმერების ხელშეწყობის პროექტი“, „ქართული ჩაი“. ზოგიერთი მათგანი კრიზისთან დაკავშირებით შეიცვლება.