თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი მე-19 პაციენტი საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრის ვიქტორ სანიკიძის დედაა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 65 წლის ქალბატონი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა.
„პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. იგი სახლის პირობებში მკურნალობდა და მას უვლიდა მისი და, რომელიც ასევე კოვიდ–ინფიცირებული იყო. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენ მიერ. ორივე შემთხვევაში დაავადება მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეონდა, თუმცა განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებულია გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრი – ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა, რომლებიც კოვიდ–ცენტრებში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი პირები კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. რაც შეეხება კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს, მას PCR–ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.
ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტის ინფიცირების პირველწყარო სვანეთის სოფელ ლენჯერს უკავშირდება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რვით გაიზარდა და 1429-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.