ბავშვებს თამაშისას 8 წლის გოგონა შემოაკვდათ: უბედური შემთხვევა თუ მომზადებული დანაშაული?

შეშინებულმა მოზარდებმა ცხედრის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს და კვალის დაფარვის მიზნით ის მდინარეში გადააგდეს.
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. რვა წლის გოგონა, რომლის ცხედარიც გამვლელებმა მდინარეში აღმოაჩინეს, თანატოლებთან სახიფათო თამაშის დროს დაიღუპა საძილე არტერიაზე ზეწოლის შედეგად, იუწყება უფის (ბაშკირეთი) პოლიცია.

ნამდვილი მეგობარი: სამი წლის ბიჭმა თანატოლი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა – ვრცელდება ვიდეო

წინასწარი მონაცემებით, გოგონას დედამ პოლიციას 22 აგვისტოს მიმართა, მას შემდეგ, რაც მისი შვილი შინ არ დაბრუნდა.

„ბავშვებმა თამაშის დროს, სავარაუდოდ, საძილე არტერიას მძლავრად მოუჭირეს. როდესაც მიხვდნენ, რომ გოგონა მოკვდა, გადაწყვიტეს ცხედარი თავიდან მოეშორებინათ, მას ტანსაცმელი გახადეს და მდინარეში ჩააგდეს“, — იუწყება წყარო.

მოგვიანებით დაღუპული ბავშვის სრულიად შიშველი სხეული ჩერნიკოვკას რაიონში იპოვეს. ცხედარს ქვედა ყბისა და ყელის მიდამოებში სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

ტრაგედიაში დამნაშავე 13 წლის ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც უკვე ყველაფერში გამოუტყდა პოლიციას. მისი თქმით, თამაშში გართულმა ბავშვებმა ვერც კი შენიშნეს, როგორ შეწყვიტა სუნთქვა გოგონამ. როდესაც მიხვდნენ, რომ ის მკვდარი იყო, შეშინებულებმა გაქცევა გადაწყვიტეს, თუმცა მერე ისევ უკან დაბრუნდნენ და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყვეს. მოზარდები ფიქრობდნენ, რომ წყალში დახრჩობის სცენარს დიდი დამაჯერებლობა ექნებოდა, ამიტომაც გახადეს ბავშვს ტანსაცმელი და მდინარეში გადააგდეს. 

როგორც დაღუპული ბავშვის დედა ამბობს, მის შვილს სხვაგვარი ძალადობის კვალი არ ეტყობოდა და ის სუფთად და აკურატულად გამოიყურებოდა, თუმცა მისი ოქროს საყურეები და მობილური ტელეფონი სადღაც დაიკარგა.

„საიდან იცოდა 13 წლის ბიჭმა, სად არის საძილე არტერია და სად უნდა მოეჭირა ხელი? ვფიქრობ, რომ ის ამისთვის მომზადებული იყო“, — განუცხადა მან ადგილობრივ ტელეარხს.

ამ დროისათვის პოლიცია თამაშის მონაწილე ყველა მოზარდის მიმართ აწარმოებს გამოძიებას.