მსოფლიო დღეს

კოსმოსში კოლოსალური ძალის აფეთქება მოხდა: NASA უჩვეულო და ულამაზეს ფოტოს აქვეყნებს

სპეციალისტების თქმით, აფეთქების დროს დაახლოებით 10 მილიონ ტრილიონი წყალბადის ბომბის ეკვივალენტური ენერგია გამოიყო.
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA-მ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში მომხდარი კოლოსალური ძალის აფეთქებაა ასახული. უჩვეულო ფოტო NASA-ს „ინსტაგრამ-გვერდით“ გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, ფოტოკადრზე აღბეჭდილია ორმაგი ვარსკვლავური სისტემა V745 Sco-ს აფეთქება, რომელიც 25 000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული დედამიწიდან. აღნიშნული სისტემა წითელი გიგანტისა და თეთრი ჯუჯისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან გრავიტაციის ძალით არიან „მიჯაჭვული“.

ასტრონომები პერიოდულად აფიქსირებდნენ სისტემაში არარეგულარულ აფეთქებებს, რომელთაგან ერთ-ერთის ფირზე აღბეჭდვა ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

სურათზე ასახულია აფეთქების სამგანზომილებიანი მოდელი, რომელზეც ყვითლად აფეთქების ტალღაა მონიშნული, იასამნისფრად — აფეთქებით გამოტყორცნილი მასა, ხოლო ლურჯად — შედარებით ცივი დისკო, რომელსაც აფეთქება პრაქტიკულად არ შეეხო.

სპეციალისტების თქმით, აფეთქების დროს დაახლოებით 10 მილიონ ტრილიონი წყალბადის ბომბის ეკვივალენტური ენერგია გამოიყო.