თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის რაიონში კორონავირუსზე კვლევა 1216 ადამიანს ჩაუტარდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
კერძოდ, მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში გამოიკვლიეს 357 ადამიანი, კარანტინში მყოფი 571 და თვითიზოლაციაში მყოფი 56 ადამიანი. კარანტინში იმყოფებოდა ასევე დაცვის პოლიციის 75, სამაშველო სამსახურის 82, სასაზღვრო პოლიციის 26 და ადგილობრივი საავადმყოფოს 46 თანამშრომელი.
გამყრელიძემ დადებითი უწოდა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღეების მანძილზე ლეტალობის მაჩვენებელი სტაბილურია და არ გაზრდილა – პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
მისი განცხადებით, ბოლო სამი დღის მანძილზე ეპიდემიოლოგების ყურადღების ცენტრში მესტიის რაიონი იყო, სადაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა.
24 აგვისტოს მესტიაში 12-დღიანი კარანტინისა და იზოლაციის ვადა დასრულდა. ამიტომაც იქ აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის განმეორებითი PCR-ტესტირება. აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის განმეორებითი კვლევა ლენჯერშიც.
„უპირატესად ინფექცია კონცენტრირებული იყო მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემში. განმეორებითი კვლევებისას ჩვენ ლენჯერში გამოვავლინეთ კიდევ შვიდი ახალი შემთხვევა, ასევე სვანეთს გარეთ იდენტიფიცირებულია ამ სოფელთან დაკავშირებული 11 შემთხვევა, მათი უმრავლესობა სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ არის გადაყვანილი", – აღნიშნა გამყრელიძემ.
საკარანტინო სივრცეებს ტოვებენ ის პირები, რომლებსაც კარანტინში ყოფნის ვადა ამოეწურათ და ინფექცია არ დაუდასტურდათ – სულ 57 ადამიანი. საკარანტინო სივრცეებში რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება, რომელთათვისაც კარანტინის რეჟიმი 27 აგვისტოს სრულდება, და გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ მათ ინფექცია არ დაუდასტურდებათ.
„ჩვენ ლენჯერთან დაკავშირებული ორი ახალი შემთხვევა გვაქვს, მხოლოდ უკვე ლენტეხის რაიონში. მიუხედავად ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა, გუშინ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა დაიწყო და რამდენიმე სოფელში 126 ბიოლოგიური ნიმუში იქნა აღებული, რომლებიც ქუთაისის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. შედეგები დღეს გახდება ცნობილი", – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა აჭარაშიც, კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთში. ამ საკურორტო ქალაქებში სპეციალური კარვები (ბათუმში ორი, ერთი ქობულეთში) დაიდგა, სადაც მსურველებს კორონავირუსზე უფასო PCR–ტესტის ჩატარება შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 220 ტესტია გაკეთებული.
„სამწუხაროდ, გუშინ ტესტირება ვერ მოხერხდა. ბათუმში ძალიან ცუდი ამინდი იყო. ამის გამო ბულვარზე ტესტირება ვერ გაგრძელდა, მაგრამ წინა სამი დღის მონაცემებით, ჯერჯერობით ყველა აღებული ნიმუში უარყოფითია, რაც პოზიტიური მაჩვენებელია", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სრულად მართვადია, მაგრამ იმისთვის, რომ ვითარება არ გაუარესდეს, აუცილებელია დადგენილი ნორმების დაცვა – პირბადის ტარება, ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის დაცვა.
ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 267 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 24-ის კი მძიმე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1421-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1137, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.