თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სამი წლის ბიჭუნამ თავისი თანატოლი და საუკეთესო მეგობარი აუზში დახრჩობას გადაარჩინა, წერს გამოცემა Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი აგვისტოს დასაწყისში მოხდა ბრაზილიაში. ბავშვი დედისგან შეუმჩნევლად გამოვიდა სახლიდან და პირდაპირ აუზისკენ გაემართა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ბიჭი აუზიდან გასაბერი რგოლის ამოღებას ცდილობდა, რა დროსაც მოულოდნელად წყალში ჩავარდა და უმწეო ფართხალი დაიწყო.
საბედნიეროდ იქვე აღმოჩნდა მისი მეგობარი, სამი წლის არტური, რომელმაც ჯერ აქეთ-იქით მიმოიხედა, როგორც ჩანს, უფროსების მოსახმობად, მაგრამ რადგან ვერავინ დაინახა, თავად გადაწყვიტა მეგობრის დახმარება და ხელი გაუწოდა მას. დასახრჩობად განწირულმა პატარამაც მძლავრად ჩაავლო ხელი მეგობრის ხელს და აუზიდან ამოვიდა.
აღნიშნული შემთხვევის შესახებ „ფეისბუქზე“ არტურის დედამ პოლიანა კონსიოლ დე ოლივეირამ დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს ისტორია აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა მშობელმა, რომლებიც აუზიან სახლებში ცხოვრობენ და პატარა შვილები ჰყავთ.
შემთხვევას ყურადღება მიაქცია ქალაქის პოლიციამაც. პატარა გმირს მეგობრის გადარჩენისთვის სერტიფიკატი და სუვენირი გადაეცა.