თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ყვარელში 5 სექტემბერს ახალგაზრდა ქართული ღვინის - მაჭრის ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორები სტუმრებს პირდებიან ტრადიციულ საწნახელს, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების გამოსვლებს, ასევე დიჯეი-სეტებს.
ფესტივალის სცენაზე წარდგებიან შემსრულებლები გიორგი ცხადაძე, თამარ კაკალაშვილი და ბენდი "4+2".
„მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცეში შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები, საუკეთესო ქართული ღვინო, ახლად ამოვლებული ჩურჩხელები და ცხელი კახური შოთები, რომლის მომზადებაც თქვენი ხელითაც შეგიძლიათ. და რა თქმა უნდა, ნატურალური მაჭარი“, - ნათქვამია ფესტივალის ანონსში.
საქართველო - ღვინის სამშობლო
ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
დღეს საქართველოში ათასობით ყურძნის ჯიში მოჰყავთ. მთელ მსოფლიოში ცნობილი ყურძნის ჯიშებიდან დაახლოებით 500 სახეობა ქართული წარმომავლობისაა.