ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოძრაობა აღდგა

გზა მთლიანად გაიწმინდა სოფლებში – ესიერსა და საყდარში, აცხადებს რაჭის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოძრაობა აღდგა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წაღებული ხიდები, გზები, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები: სვანეთში სტიქიას ებრძვიან

რაჭის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მაქარაშვილის განმარტებით, გზა სრულად გაიწმინდა სოფლებში – ესიერსა და საყდარში. მაქარაშვილის განცხადებით, დანარჩენ სოფლებში, სადაც სტიქიამ ასევე პრობლემები შექმნა, ამ დრომდე აქტიურად მუშაობს სპეცტექნიკა და მიმდინარეობს სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების აღდგენა.

„უკვე სრულად აღდგა მოძრაობა ორ სოფელში, დანარჩენ სოფლებთან მოძრაობის აღსადგენად კეთდება ყველაფერი. ადგილზე სრულად არის მობილიზებული ტექნიკა და ვვარაუდობთ, რომ ხვალ, დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მოძრაობის აღდგენა“, - განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.

მისივე განმარტებით, უწყვეტ რეჟიმში ხდება მოსახლეობის მომარაგება როგორც საკვებით, ასევე მედიკამენტებით.

21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად ჩოლურის და ლაშხეთის თემები ლენტეხში მთლიანად გარე სამყაროს მოწყდა. წყალმა წაიღო საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა ხიდები. უხვი ნალექის გამო სამი მდინარე - ლასკადურა, ჩოლშურა და მუხრა ადიდდა, რის შედეგადაც გარესამყაროს მოწყდა ხუთი სოფელი - დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიდი და მუცდი. აღდგენითი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.