ხაშურის შემოვლითი ახალი გზა გაიხსნა - მარშრუტის ვიდეო

აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის ახალ მონაკვეთებზე ახალი სავაჭრო სივრცეები მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ვაჭრობის საშუალებას მისცემს
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დღეს ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი გზის მონაკვეთი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალი გზის 13 კმ-დან, გზის 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი ოთხი ზოლი, ხოლო 1.5 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიანი გზით.

ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდება და მგზავრობა არსებულ გზაზე ნაცვლად 20 წუთისა, 10 წუთში იქნება შესაძლებელი.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა–ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან შეუერთდება. აქტიურ პროცესშია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაც.

აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლის ხაშურის „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში, მაგრამ, ამასთან, ახალ გზებზე სავაჭრო სივრცეების მოწყობა იგეგმება

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.