საქართველოში თვენახევრის ჩვილს COVID-19 დაუდასტურდა

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6848, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით თვენახევრის ჩვილი დაინფიცირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ბავშვის მშობლებსაც დაუდასტურდათ. სამივე პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ცნობილია თუ არა ინფიცირების ყველა წყარო

ჩვილის მამა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს დეპარტამენტის უფროსია. მასთან კომუნიკაციაში მყოფ თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1394-ს მიაღწია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6848, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.