რაჭაში 29 წლის მამაკაცი გაგუდეს: რა გახდა მკვლელობის მიზეზი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში  დღეს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 29 წლის ლასო აბუთიძესა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ 19 წლის ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აბუთიძე დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლასო აბუთიძეს სოფელში კოტეჯი ჰქონდა, რომელსაც ტურისტებზე აქირავებდა. 29 წლის მამაკაცს,  სავარაუდოდ, მისმა ტურისტებმა გოგოებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს, რადგან მათ კოტეჯის გვერდით მყოფი მუშები აწუხებდნენ. სავარაუდოდ, სწორედ მათ დაუპირისპირდა აბუთიძე.  გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა.

უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან არიან.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.