ქართველი მხატვარი აშშ-ში სამხატვრო აკადემიის მაგისტრი გახდა

ეს ის ფერმწერია, რომლის სწავლისთვის ამერიკულ პრესტიჟულ სამხატვრო სკოლაში ფულს მთელი საქართველო აგროვებდა
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მხატვარი თედო (თედორე) რეხვიაშვილი გახდა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის (New York Art Academy) მაგისტრი - ამის შესახებ ფერმწერმა თავის გამომწერებს საკუთარ Facebook-გვერდზე უამბო.

ქართველი მხატვარი აშშ-ში სამხატვრო აკადემიის მაგისტრი გახდა

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ახლახანს წარმატებით დავიცავი დიპლომი და გავხდი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ფერწერის მაგისტრი. აღარ ვისაუბრებ იმაზე, რას ნიშნავდა ეს მიზანი ჩემთვის. ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი წელი და ოთხი სემესტრი გავიარე. მივიღე სრულიად ახალი ცოდნა და გამოცდილებები, რამაც ჩემი, როგორც ხელოვანის გზა და ცხოვრება ერთბაშად შეცვალა“, - წერს თედო და გამომწერებს სთავაზობს საკუთარი სადიპლომო ნამუშევრების გაცნობას.

ქართველი მხატვარი აშშ-ში სამხატვრო აკადემიის მაგისტრი გახდა

რეხვიაშვილის თქმით, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა თანამემამულეების დახმარება. საქმე ისაა, რომ საქართველოში თედო რეხვიაშვილი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას საჯაროდ სთხოვა ფინანსური დახმარება ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლისთვის.

თედო გრაფიკის ფაკულტეტზე აბარებდა და ყველაზე ნიჭიერ აბიტურიენტთა ათეულში მოხვდა. შედეგად მან 15 ათასი დოლარის ოდენობით გრანტი მიიღო. მაგრამ ეს თანხა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ რეხვიაშვილი უმაღლესი სასწავლებლის სრულფასოვანი სტუდენტი გამხდარიყო. საჭირო იყო კიდევ 24 ათასი დოლარი.

რეხვიაშვილის თქმით, მაშინ საქართველოს მოსახლეობის დახმარება მას სჭირდებოდა იმისათვის, რომ მიეღო ახალი ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ის აუცილებლად დაუბრუნებს თავის სამშობლოს. საბოლო ჯამში თედოს ყველაფერი გამოუვიდა. სწავლის თანხის შესაგროვებლად ჩატარდა სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები. პარალელურად ფინანსური დახმარება გროვდებოდა ონლაინ პორტალზე Gofoundme.com. საბოლოოდ თანხა მთლიანად შეგროვდა, თედო კი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა.

ქართველი მხატვარი აშშ-ში სამხატვრო აკადემიის მაგისტრი გახდა

„მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მასწავლებლებს, გალერისტებს, მოსწავლეებს, ჟურნალისტებს. ბევრი თქვენგანი არც კი მიცნობდით ისე დაიჯერეთ, გულთან მიიტანეთ უცხო ადამიანის მიზანი და დამეხმარეთ განათლების მიღებაში“, - წერს თედო.

თედო რეხვიაშვილი

თედო რეხვიაშვილი დაიბადა საქართველოში 1990 წელს. 1998-2008 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელში. 2012 წელს დაამთავრა გრაფიკის ფაკულტეტი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 2014 წელს - იმავე სასწავლებლის მაგისტრი გახდა.

#ლიტერატურულიჩაი: ქართველმა დიზაინერმა ლიტერატურის პოპულარიზაციის ალტერნატიული გზა იპოვა

საქართველოში კითხულობდა ლექციებს ხელოვნების კოლეჯში, იყო ჩართული სხვადასხვა არტ-პროექტსა და პროგრამაში, მუშაობდა გრაფიკაში, ქანდაკებაში, ფერწერაში, მათ შორის ფრესკურში, ასევე წიგნების დიზაინსა და თანამედროვე ხელოვნებაში.

ახალგაზრდა მხატვრის ყულაბაში უამრავი ჯილდოა - ვიზუალური ხელოვნების ჯილდო „ჟირაფი“ (2015), პირველი ადგილი გამოფენა-კონკურსში „სამშობლო, ენა, რელიგია“ (2011), პირველი ადგილი წიგნის სააგენტო Booking-ის ლიტერატურულ-კრეატიულ კონკურსზე „ჩემო აფხაზეთო“ (2010), პირველი ადგილი სახვითი ხელოვნების, ფოტოგრაფიის, თანამედროვე და გრაფიკული ხელოვნების გამოფენა-კონკურსზე „დედამიწის დღე“, რომელიც თბილისში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა (2007), იუნესკოს საქმეებში ეროვნული კომისიის წოდება „საუკეთესო ილუსტრატორი“ ვილნიუსში ილუსტრაციების გამოფენაზე (2006) და სხვ.