COVID-19 მესტიაში: როგორია ეპიდვითარება მუნიციპალიტეტში

მესტიასა და ლენჯერში მოსახლეობის კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება დაიწყო. განმეორებით ტესტირება უტარდებათ იმ პირებსაც, ვისაც კარანტინის ვადა უკვე ამოეწურა
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. მესტიის საკარანტინო სივრცეებში მყოფებს სახლებში ეტაპობრივად დააბრუნებენ, განაცხადა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, 21 აგვისტოდან გაიხსნა. 12 – დღიანი კარანტინის შემდეგ, მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან, თუმცა ხაიშთან მდებარე გამშვებ პუნქტთან მათ თერმოსკრინინგი უტარდებათ და შესაბამის შემოწმებას გადიან.

„დღის ბოლოს ველოდებით ტესტების პასუხებს. ამის შემდგომ დავიწყებთ საკარანტინო სივრცეებიდან იმ პიროვნებების გაშვებას, რომლებსაც საკუთარი ავტომობილები ჰყავთ, ხვალიდან კი იმ ადამიანების, ვისაც საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავს. მათ გადაყვანას ტურიზმის დეპარტამენტი უზრუნველყოფს. მათ სამარშრუტო ტაქსებით მივაცილებთ ოჯახებამდე“, – განაცხადა მესტიის მერმა.
სვანეთში ექვსი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

მესტიის მუნიციპალიტეტში გუშინ ეპიდემიოლოგებმა სულ 813 ადამიანს აუღეს კორონავირუსზე ტესტი, აქედან 22 ნიმუში მესტიის კლინიკაში აიღეს. აღებული ნიმუშიდან 56 არის მესტიიდან, 160 სოფელ ლენჯერიდან. აღებულ ნიმუშებში იყო სამაშველოს თანამშრომლის 82 ტესტი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების 26 ტესტი, კარანტინში მყოფ პირების კი - 467.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, მესტიაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მესტიის მუნიციპალიტეტში 4 500-მდე მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა  თერმოსკრინინგი.

რაც შეეხება დაბა მესტიასა და ლენჯერს, იქ  კორონავირუსზე მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება დაიწყო. ადგილზე ეპიდემიოლოგთა 12 ჯგუფი მუშაობს. განმეორებით ტესტირება უტარდებათ იმ პირებსაც, ვისაც კარანტინის ვადა უკვე ამოეწურა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ცნობილია თუ არა ინფიცირების ყველა წყარო

სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოს კორონავირუსით ინფიცირების ერთბაშად 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები 10 აგვისტოდანვე დაიწყო, გატარდა მრავალი ეფექტური ღონისძიება, რამაც ეპიდემიის შეჩერებას შეუწყო ხელი.

მესტიის მუნიციპალიტეტში სულ გამოვლინდა 49 დადებითი შედეგი. აქედან 29 ინფიცირებული ადგილობრივი მცხოვრებია, 20 – მათი კონტაქტი.