სამართალდამცველებმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტები გამოავლინეს

ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ფალსიფიცირებულ, თვისობრიობაშეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციისთვის სამართალდამცველებმა ორი პირი – კომპანიის დირექტორები პასუხისგებაში მისცეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

აკრძალული საღებავი „სუდანი“ საკვებ პროდუქტებში ისევ აღმოჩნდა>>

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საწარმოს მიერ ნახევარფაბრიკატების წარმოებისას, დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი. ისინი წარმოებისათვის აუცილებელ ინგრედიენტებს სხვა იაფფასიანი პროდუქტით ანაცვლებდნენ. 

რას ვჭამთ: როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული პროდუქტები

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფალსიფიცირებულ, თვისობრიობაშეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. 

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.

უწყების ცნობით, აღნიშნული კატეგორიის დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით).