თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. აშშ–ის კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA–ს სპეციალისტებმა დედამიწის თავზე ერთდროულად მომხდარი ორი მოვლენა აღბეჭდეს კამერაზე და ფოტო Instagram–ზე გამოაქვეყნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ჩრდილოეთის ციალსა და ცის ნათებაზე.
ირკვევა, რომ ატმოსფეროს ზედა ფენების ეს ორი ულამაზესი სანახაობა მიმდინარე წლის 16 მარტს, გამთენიისას დაემთხვა ერთმანეთს. სწორედ იმ მომენტში საერთაშორისო კოსმოსური სადგური სამხრეთ ალიასკის თავზე იმყოფებოდა.
NASA–ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე აღბეჭდილია, როგორ კვეთს ჩრდილოეთის ციალის მწვანე, ზემოთკენ მეწამული სხივების კონა ცის ნათების მქრქალ მოწითალო–ყვითელ ზოლს. ფოტოს ქვედა ნაწილში ჩანს კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიისა და ალბერტის ქალაქების შუქები.
კოსმოსური სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ამ ორ მოვლენას განსხვავებული ბუნება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაახლოებით ერთ სიმაღლეზე ჩნდება. ასე მაგალითად, ცის ნათება ქიმიური პროცესების — ჟანგბადის, აზოტისა და ატმოსფეროს ზედა ფენის სხვა მოლეკულების ქიმიური რეაქციის გამო იწყება. ჩრდილოეთის ნათება კი მზის ენერგიისა და დედამიწის მაგნიტური ველის ურთიერთქმედების შედეგად იწყება.