თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანურ „ტირანასთან“ 0:2 წაგების შემდეგ თანამდებობა დატოვა, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
„მატჩს სოციალურ ქსელში „დინამოს“ ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება, ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი“, – განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის პრეს-ცენტრს.
ჩხეტიანმა მადლობა გადაუხადა „დინამოს“ ხელმძღვანელობას, კლუბის ყველა თანამშრომელს, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა გუნდს.
ვინ გახდება „დინამოს“ ახალი მწვრთნელი, ჯერჯერობით უცნობია.
„დინამომ“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა დაასრულა, მაგრამ უეფას ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში ევროთასის კამპანიას გააგრძელებს. მისი მეტოქე და მატჩის ჩატარების თარიღი 31 აგვისტოს გაირკვევა.