რეაბილიტაცია დასრულდა: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გაიხსნა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები, დაირგო 2 ათასამდე ნერგი.
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის 7-თვიანი რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაახლოებით 2 ათას კვ.მ ფართობზე მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი, შეიცვალა წყალგაყვანილობა, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, დაიგო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა. ასევე პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, ფილებს შორის კი დამონტაჟდა დეკორატიული სანათები. განხორციელდა გაუქმებული თბოქსელის დემონტაჟიც.

რეაბილიტაცია დასრულდა: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გაიხსნა

როგორც თბილისის მერი საკუთარ ოფიციალურ Facebook-გვერდზე წერს, ტერიტორიაზე შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს.

გარდა ამისა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები, დაირგო 2 ათასამდე ნერგი, მათ შორის ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი და კვიდო. თარგებში კი მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა.

რეაბილიტაცია დასრულდა: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გაიხსნა

განახლდა ასევე ტერიტორიაზე არსებული შადრევანი. კერძოდ, გამოიცვალა აუზის განათება, განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი. აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ახალი გარე განათების ქსელიც.

რეაბილიტაცია დასრულდა: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გაიხსნა

თბილისის მერიამ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ტერიტორია მწვანე ღობით შემოსაზღვრა.