ტირანებს ოჯახში 1 სექტემბრიდან ელექტროსამაჯურებს გაუკეთებენ

ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ასეთი დანაშაულის მსხვერპლი უფრო ხშირად ქალები ხდებიან.
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 1 სექტემბრიდან ამოქმედდება შესწორებები, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობაში ბრალდებულებს, რომლებსაც არა აქვთ უფლება ოჯახის წევრებს მიუახლოვდნენ, ელექტრონული სამაჯურებით გააკონტროლებენ.

ოჯახის წევრებთან მიახლოების აკრძალვა ერთ-ერთი ზომაა იმისთვის, რომ ოჯახური ძალადობა აღარ გამეორდეს. ამისთვის პოლიცია გასცემს შემაკავებელ ორდერს, რომელიც ძალადობის მსხვერპლთან გარკვეულ მანძილზე მიახლოებას კრძალავს.

მოძალადეებისგან ქალების დასაცავად: შსს-ს 100 ელექტრონული სამაჯური გადაეცა

შესწორებების თანახმად, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულებს ორდერის გაცემის დროს გაუკეთებენ ელექტრონულ სამაჯურს, რომელიც სიგნალს გადასცემს, თუ ბრალდებული თავის მსხვერპლთან აკრძალულ სიახლოვეს აღმოჩნდება.

თუ ის შეზღუდვებს დაარღვევს და გაფრთხილებას ყურად არ აღებს, ან მოიხსნის სამაჯურს, მას ემუქრება ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები 180-დან 240 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.

შემაკავებელი ორდერი საქართველოში ყველაზე გავრცელებული ზომაა ოჯახური ძალადობის თავიდან ასაცილებლად. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით გაიცა 5,3 ათასზე მეტი ორდერი. აქედან 3,8 ათასი – მამაკაცზე, ხოლო 761 – ქალზე.

ქალებს საქართველოში უმეტესად ოჯახური კონფლიქტების საფუძველზე კლავენ>>

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან 25 წელს ზემოთ ასაკის ქალები. ნახევარი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობისგან სულ დაზარალდა 4 ათასი ქალი და 831 მამაკაცი.

ოჯახში მოძალადეებს ელექტრონული სამაჯურებით გააკონტროლებენ

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ამასთან, ამავე პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაიჭრა – 12.

ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად 2014 წელს გამოიყო. ამა თუ იმ საქმის განხილვისას ის დამამძიმებელი გარემოებაა. კანონმდებლობის გამკაცრება ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 14 ადამიანი გახდა.