თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. იაპონიაში ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოებაში გამოთქვეს მოსაზრება, რომ ქვეყანა ამჟამად კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის შუაგულშია.
„ჩვენ COVID-19-ის მეორე ტალღის შუაგულში ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ ვითარების შემდგომ განვითარებას. როგორც მთლიანად ქვეყანა, ისე ტოკიო, ალბათ, ინფიცირების პიკს გადის, მაგრამ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ – იქნება თუ არა ახალი ზრდა.
სავარაუდოდ, ამას მესამე და მეოთხე ტალღები მოჰყვება, ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ცხოვრებას კორონავირუსის პირობებში“, – ციტირებს საზოგადოების თავმჯდომარის კაძუჰირო ტატედას სიტყვებს ტელეარხი NHK.
დღეისათვის იაპონიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 58,5 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 1148 ადამიანი, მათგან 16 ადამიანი – გუშინ. 243 პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია როგორც მძიმე. თითქმის 43 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ჯანმოს უახლესი მონაცემებით, 19 აგვისტოს დილით მთელ მსოფლიოში ახალი კოროვირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 21 756 357 შეადგინა, დაიღუპა 771 635 ადამიანი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კოროვირუსული ინფექციის COVID-19-ის აფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.