დეკლარაცია კოალიციის წინააღმდეგ: ქართული ოპოზიციის ახალი გეგმა

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისისთვის ოპოზიციური პარტიების ნაწილი გეგმავს საგანგებო დეკლარაციის ხელმოწერას, რომელშიც მკაფიოდ იქნება გაწერილი უარი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნაზე.
Sputnik

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. სავარაუდო მონაწილეთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა წინა წლების რეკორდებს. ცესკომ დაარეგისტრირა 58 არასაპარლამენტო პარტია, რომლებსაც მოგვიანებით შეუერთდებიან ისინიც, ვისი დეპუტატებიც 2016 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში არიან წარმოდგენილი.

ექსპერტთა აზრით, დაბალი გამსვლელი ბარიერი და მონაწილეთა დიდი რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ 2020 წლის პარლამენტი მრავალშრიანი და კოალიციური იქნება, რადგან არცერთ პარტიას არ ეყოფა ხმები 150-ადგილიან პარლამენტში 76 ადგილის მისაღებად.

ვოლსკი: ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც შეთანხმდნენ თანამშრომლობასა და კოალიციური მთავრობის შექმნაზე, წინასწარ გადაწყვიტეს ვა-ბანკზე წასვლა და მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების საბოლოოდ განსაზღვრა. ისინი ამზადებენ დეკლარაციის ტექსტს, რომლის ხელმომწერი პარტიებიც გამორიცხავენ პარლამენტში კოალიციის შექმნას „ქართულ ოცნებასთან“.

ვისთან და ვის წინააღმდეგ შეიძლება დამეგობრება

მსგავსი დეკლარაციის იდეა ეკუთვნის წვრილ პარტიებს, რომლებისთვისაც კოალიცია არის ხელისუფლებაში მოხვედრის ერთადერთი გზა, ვინაიდან გამოკითხვების თანახმად, ისინი პარლამენტში ადგილების საკმაო რაოდენობას ვერ აგროვებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ თანამშრომლობდეს მმართველ გუნდთან კოალიციის ფორმატში. სექტემბერში, როდესაც ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, ჩვენ ამ იდეას დეკლარაციის სახით წარვადგენთ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

მას ეთანხმება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

„უკვე გამოჩნდა ბევრი პარტია, რომელთა ნაწილი მართლაც ოპოზიციურია, მეორე ნაწილს კი სატელიტების სახე აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამომრჩეველს უფლება აქვს იცოდეს, ვის როგორი პოზიცია აქვს და ვინ შექმნის ოპოზიციურ კოალიციას და ვინ დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამას ყველა პარტია არ ეთანხმება. ასე მაგალითად, პარტია „მოქალაქის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი გამოვიდა ასეთივე დეკლარაციის შექმნის წინადადებით, რომლის ხელმომწერებიც უარს იტყვიან ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით კოალიციის შექმნასა და მასთან თანამშრომლობაზე.

„ჩვენთვის მიუღებელია პრორუსულ ძალებთან, მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა“, - განაცხადა იოსელიანმა.

ვინ არიან „ლელოს“ მაჟორიტარები და შექმნის თუ არა „ქართული ოცნება" კოალიციას ხაზარაძესთან?

ამასთან მან დასძინა, რომ მისი პარტიისთვის ყველაზე მიუღებელი სწორედ მიხეილ სააკაშვილის ფიგურაა.

სააკაშვილის ფაქტორი

ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიებს შორის უკმაყოფილების კიდევ ერთი თემა იწვევს. ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე მიანიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მათი მხრიდან იქნება მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ოფიციალურად არის ცნობილი დამნაშავედ.

ეს იდეა არ მოეწონა ბევრ ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის, ექსპრეზიდენტის ყოფილ თანამოაზრეებსაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ სააკაშვილი და ერთპიროვნული მმართველობა მათთვის მიუღებელია და არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობის ჩაშლით დაიმუქრნენ.

ამჟამად „ნაცმოძრაობა“ ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ ის არ უჭერს მხარს ერთპიროვნულ მმართველობას და სააკაშვილი არის მხოლოდ ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი.

ასეა ეს თუ არა, მალე გაირკვევა. უახლოეს მომავალში „ნაცმოძრაობა“ აპირებს თავისი კანდიდატების წარდგენას ერთმანდატიან ოლქებში და წინასაარჩევნო გეგმების ოფიციალურად გამოცხადებას.