თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ყაზბეგის მარათონი 6 სექტემბერს გაიმართება – რეგისტრაცია გარბენში მონაწილეობის ყველა მსურველისთვის ღიაა, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.
მარათონი 2010 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიური ცხოვრებისა და სირბილის მოყვარულებს ყოველწლიურად კრებს.
„წელს ჩვენ დაგვხვდება განახლებული ბილიკი, რაც გარბენს დაუვიწყარ სამთო თავგადასავლად აქცევს. წინ გელით ციცაბო აღმართები, მაღალი მთები, შთამბეჭდავი ბუნება, მთის მდინარეების კვეთა, ტექნიკური სექციები და მყინვარწვერის გასაოცარი ხედები“, – ნათქვამია მარათონის ანონსში.
ყაზბეგის მარათონის მთავარი დისტანცია 18 კილომეტრზე რბენაა, თუმცა წელს ორგანიზატორები მსურველებს ასევე 6,5 კილომეტრიან დისტანციასაც სთავაზობენ.
მარათონის სტარტი და ფინიში სტეფანწმინდაში იქნება. მარათონელები სოფელ გერგეტთან ეკლესიასაც გაირბენენ.
მარათონის შესახებ დაწვრილებით იხილეთ აქ.