რისთვის ამზადებს წითელი ჯვარი აჭარელ მოხალისეებს

პროექტი ემსახურება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობისა და ტურისტების ცნობიერების ზრდას COVID-19-თან დაკავშირებით.
Sputnik

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად დაიწყო ერთობლივი პროექტი, რომელშიც მოხალისეებიც ჩაერთვებიან.

პროექტი ემსახურება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობისა და ტურისტების ცნობიერების ზრდას COVID-19-თან დაკავშირებით, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შემცირება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან ნათია ლოლაძესთან ერთად პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა.

რისთვის ამზადებს წითელი ჯვარი აჭარელ მოხალისეებს
„180 მოხალისე გაივლის ტრენინგს COVID-19-თან დაკავშირებით. პირადი უსაფრთხოების საშუალებებით აღჭურვილი მოხალისეები ტურისტული სეზონის განმავლობაში განლაგდებიან სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში და მოახდენენ ადამიანების ინფორმირებას COVID-19-ის შესახებ, გაუზიარებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, გაუწევენ პირველ ფსიქოსოციალურ დახმარებას და ეფექტური და სწორი კომუნიკაციით ხელს შეუწყობენ სოციალური დისტანციის დაცვას“, – განაცხადა ნათია ლოლაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ღონისძიებაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი და მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას.

ჩაგვრთეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძებებში: „წითელი ჯვარი“ განცხადებას ავრცელებს

„ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რითიც ვამაყობთ. ყველამ ერთად შევძელით, რომ ახალგაზრდობას რეგიონში სხვა იმპულსი, სხვა დინამიკა მისცემოდა. წითელ ჯვართან ერთად დღეს ოფიციალურად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დაეხმარება ტურისტული სეზონის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

რისთვის ამზადებს წითელი ჯვარი აჭარელ მოხალისეებს

ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს და მათი ძალისხმევით უკვე 40 ათასამდე ოჯახს გაეწია დახმარება სასურსათო კალათებით და მედიკამენტებით.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა სახის კამპანიებს. ამ აქტივობების ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო მასალები და სწორი მესიჯები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.