მსოფლიო დღეს

მერკელი პუტინთან ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს

მანამდე გერმანიის ლიდერმა მკაცრად დაგმო ბელარუსში მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენება და მინსკის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბელარუსში არსებულ ვითარებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილავს, იტყობინება „Sputnik-ბელარუსი“ ლიეტუვის პრეზიდენტის კანცელარიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გუშინ მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან.

ლუკაშენკო ბელარუსში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პირობას დებს

„ანგელა მერკელმა გიტანას ნაუსედას აცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მისი მოლაპარაკებები სამშაბათს, დილით გაიმართებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.  

იქვეა აღნიშნული, რომ ბერლინი ცდილობს ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიპლომატიური გზებით დაკავშირებას ბელარუსში ვითარების დასარეგულირებლად, „სიტუაციაში გასარკვევად“.  

როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გუშინ თქვა, გერმანიის კანცლერმა მას კვირას „სალაპარაკოდ“ დაურეკა. მოგვიანებით გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მერკელსა და ლუკაშენკოს სატელეფონო საუბარი არ ჰქონიათ.

არა დესტრუქციულ ძალებს: რაზე ისაუბრეს პუტინმა და ლუკაშენკომ

ლიეტუვის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა აღნიშნა, რომ საუბრის დროს ისინი შეეხნენ ასევე იმ შესაძლო სანქციების საკითხს, რომელთაც ევროკავშირი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ჩინოვნიკების მიმართ გეგმავს.

უფრო ადრე ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა ბელარუსის კრიზისის მოსაგვარებლად გეგმა მოამზადეს.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსის რესპუბლიკაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, რომელშიც, ცესკოს ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. გასული კვირის დასაწყისში დემონსტრანტებს ძალოვანი უწყებების დანაყოფები სასტიკად გაუსწორდნენ. საერთო ჯამში, ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, დააკავეს შვიდი ათასი ადამიანი, დაშავდა ასობით მოქალაქე.