კორონავირუსი კიდევ ერთ პოლიციელს დაუდგინდა

საქართველოს შსს-ს სისტემაში უკვე 13 ადამიანია ინფიცირებული. მათი უმრავლესობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ინფიცირებული ისანი-სამგორის მე-9 განყოფილების თანამშრომელია. მასთან კონტაქტში მყოფი 10 პირი უკვე საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

ყაზბეგში კორონავირუსის კერა აღმოაჩინეს

ეს შსს-ს მე-13 თანამშრომელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. მანამდე კორონავირუსით ინფიცირებული შსს-ს 11 თანამშრომელი ყაზბეგში გამოავლინეს – ყაზბეგის საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა შვიდი შემთხვევა, სამი – მაშველებთან არის დაკავშირებული. ასევე მესტიაში ვირუსი დაუდასტურდა დაცვის პოლიციის ერთ თანამშრომელსა და მესაზღვრეს. კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში დაცვის პოლიციის თანამშრომელს უკავშირდება.

რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, ესაა კლინიკა „გორმედის“ თანამშრომელი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მედდა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და პირველმა ტესტირებამ ვირუსი არ გამოავლინა. მედდა მუშაობდა იმ განყოფილებაში, სადაც მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტებს იღებენ.

კორონავირუსი კიდევ ერთ მედიკოსს დაუდგინდა>>

ინფიცირებულების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის საქართველოში 1351 ადამიანს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1092 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.