თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მოცულობა 2019 წელს 1,3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებზე 3,4%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
რაში სჭირდება ქვეყანას უცხოური ინვესტიცია და როგორ მოვიზიდოთ უცხოური კაპიტალი>>
დაზუსტებული მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 0,3%-ით გაიზარდა.
საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ ლიდერი ქვეყნები არიან დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და ირლანდია. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი 545,1 მლნ დოლარს შეადგენს, რაც ინვესტიციების მთელი მოცულობის 41,6%-ია.
ინვესტიციები ასევე შემოვიდა აშშ-დან (111,5 მლნ დოლარი), ნიდერლანდებიდან (100,4), პანამიდან (76,8), ლუქსემბურგიდან (68,6), რუსეთიდან (54,5), ჩინეთიდან (43,7) და სხვა ქვეყნებიდან.
რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები
საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები 2019 წელს იყო ფინანსური სექტორი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. შემოსულობების მოცულობამ ამ სფეროებში 660,5 მლნ დოლარი შეადგინა, ანუ ინვესტიციების მთელი მოცულობის 50,4%.
ინვესტიციები ასევე ჩაიდო სასტუმროებისა და რესტორნების საქმეში – 120,2 მლნ დოლარი, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 115,3 მლნ დოლარი, სამთო მომპოვებელ მრეწველობაში – 52,4 მლნ დოლარი, მშენებლობაში – 35,3 მლნ დოლარი, ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებაში – 13,5 მლნ დოლარი და ა.შ.
„საქსტატმა“ ასევე დააზუსტა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2015 წლიდან. კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დაზუსტდა რეინვესტირების მაჩვენებლის, საწესდებო კაპიტალის კორექტირებისა და რამდენიმე საწარმოს კრედიტების მოცულობის ცვლილებების გამო.
ინვესტიციების დაზუსტებული მოცულობები 2015 წლიდან (მლნ დოლარი)
წელი | ძველი მაჩვენებელი | დაზუსტებული მაჩვენებელი | სხვაობა, % |
2015 | 1 729,1 | 1 728,8 | -0,02 |
2016 | 1 650,3 | 1 652,6 | 0,1 |
2017 | 1 962,6 | 1 978,3 | 0,8 |
2018 | 1 265,2 | 1 306,3 | 3,2 |
2019 | 1 267,7 | 1 310,8 | 3,4 |
2020, I კვარტალი | 165,4 | 171,8 | 3,9
|