ყვითელი ამბები

თამო ვაშალომიძემ მეორე შვილის სქესი გაამხილა – თაყვანისმცემლების ვარაუდი გამართლდა

სექსუალური მოდელი დედა მეორედ გახდება. ვინ არის „სელებრითის“ მეორე ნახევარი და ბიჭი ეყოლება თუ გოგო? უახლესი ფოტოები სოციალური ქსელიდან.
Sputnik

ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ერთ-ერთი ქართველი სექს-სიმბოლო სატელევიზიო სივრციდან თითქმის გაუჩინარდა. ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ საჯაროდ თავად განაცხადა, რომ შეყვარებულია და სოციალური აქტიურობისა თუ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილებისთვის აღარ სცალია. თამო ვაშალომიძე სულ მალე დედა მეორედ გახდება. მან მეორე შვილის სქესი რამდენიმე დღის წინ გაამხილა, რამაც მორიგი დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება.

ერთი თვის წინ თამო ვაშალომიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით მორიგი გამოკითხვა მოაწყო. გამოცდილი და მომავალი დედიკოები მისი მეორე შვილის სქესის ამოსაცნობად ძალებს არ იშურებდნენ. თამო ვაშალომიძის ერთგული „ფოლოვერების“ გამოკითხულთა უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ მალე ის მეორე ნახევარს ვაჟს აჩუქებს. ცნობილი ფოტომოდელის და „ინფლუენსერის“ გულშემატკივრები არ შეცდნენ. გამოკითხვის შემდეგ ვაშალომიძემ ცისფერი ბუშტებითა და ულამაზესი ლურჯი ყვავილებით მორთულ კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უკანა ბანერზე წარწერა IT’S A BOY ამშვენებს. რამდენიმე საათში ფოტოსურათმა 11 ათასზე მეტი მოწონება და უამრავი მილოცვა დაიმსახურა. მათ შორის ცნობილი ქართველებიც არიან.

დრამატულად დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობების მიუხედავად თამო ვაშალომიძემ საკუთარ თავში ძალა იპოვა და ცხოვრება თავიდან დაიწყო. რამდენიმე წლის წინ თამოს საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი შეუყვარდა, რომელმაც არ ისურვა კამერების წინ გამოჩენა. ცოტა ხნის შემდეგ ფოტომოდელმა აღნიშნა, რომ საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობა იმის გამო დაეძაბა, რომ მას ოჯახი, ცოლ-შვილი ჰყავს. თამოს თქმით, მისი ქალიშვილის სოფიას მამა ამ ყველაფერს უმალავდა, გაგებისთანავე მას დაშორდა და მისი სახელი და გვარი საიდუმლოდ დატოვა, რათა ოჯახი საფრთხეში არ ჩაეგდო.

მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, სკანდალურმა თამომ მამაკაცს ქალიშვილი სოფია აჩუქა. მათი ურთიერთობა მყარი არ გამოდგა. წყვილის სიყვარული პატარა სოფიას დაბადებამაც ვერ გაამყარა.

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია, რომელიც დროებითმა პაუზამ და ვაჟზე ფეხმძიმობამ ჩაანაცვლა.