სანიტარული საათი, ცვლები და გაუქმებული ბუფეტები - როგორი იქნება სწავლა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად სკოლები გაიხსნება 15 სექტემბრიდან, თუმცა მასწავლებლებისა და ბავშვებისთვის უამრავი შეზღუდვა იმოქმედებს
Sputnik

ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით მშობლებს შეექმნებათ წარმოდგენა მომავალ სასწავლო პროცესზე. ისინი თავად გადაწყვეტენ, რა არის მათთვის უკეთესი - დისტანციური სწავლება თუ ასეთი სკოლა.

წესი პირველი: არანაირი სურდო

დადგენილი წესების მიხედვით, სკოლაში შესულებს აუცილებლად გაუზომავენ ტემპერატურას.

სკოლაში პირბადეების გარეშე იქნებიან მხოლოდ მოსწავლეები, დანარჩენმა პერსონალმა და მშობლებმა აუცილებლად უნდა ატარონ პირბადეები. მოსწავლეებს თმა მჭიდროდ შეკრული და დამაგრებული უნდა ჰქონდეთ.

სწავლა შაბათობითაც იქნება? 15 სექტემბერს, თითქმის შვიდი თვის შემდეგ სკოლის ზარი დაირეკება

ცხელებისას ექიმთან მიმართვა აუცილებელია და კორონავირუსზე შემოწმების გარეშე შემდგომში არც ბავშვი, არც მოზრდილი სკოლაში არ დაიშვება. წესები ვრცელდება რესპირატორული დაავადების ნებისმიერი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ტემპერატურა 37 გრადუსს აღემატება და ის გაკვეთილზე შეუძლოდ გახდება, მას პირბადეს გაუკეთებენ, სპეციალურ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ და მშობლებს გამოიძახებენ. თუ მშობლები განსაზღვრულ დროს ვერ მიაკითხავენ შვილს, სკოლა თავად გამოიძახებს სასწრაფო დახმარებას. იგივე წესები ვრცელდება რესპირატორული დაავადების სიმპტომებს, მათ შორის სურდოს.

კლასის დამრიგებელი ვალდებული იქნება იცოდეს თითოეული მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის მიზეზი და დოკუმენტურად დააფიქსიროს გაცდენები მიზეზის მითითებით.

წესი მეორე: არანაირი ხალხმრავლობა

იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება, სწავლა იქნება ცვლებში. თუ მასწავლებელი გაკვეთილის ჩატარებისას მოსწავლეებთან ორ მეტრზე ახლო დისტანციაზე იმყოფება, მას გაკვეთილის დროს პირბადე უნდა ეკეთოს.

ცვლებს შორის იქნება სანიტარული საათი, რა დროსაც ჩატარდება დეზინფექცია.

მოსწავლეები სკოლებში პირბადეს არ გამოიყენებენ

გარდა ამისა, ყველა კლასის მოსწავლეები შესვენებაზე ერთდროულად არ გავლენ. გაკვეთილების ხანგრძლივობაში ისეთი სხვაობა უნდა იყოს დაცული, რომ შესვენებების დროსაც მოსწავლეებს შორის დისტანცია იყოს დაცული.

იგივე ეხება სასკოლო ბუფეტს. იმ შემთხვევაში, თუ რიგში დისტანციის დაცვის საშუალება არ არის, მიზანშეწონილია კლასში სადილების სისტემის შემოღება, როდესაც მოსწავლეები საკვებს კონტეინერებით ატარებენ.

ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვნად შეიცვლება კაბინეტური სისტემაც. სპეციალიზებულ კაბინეტებში გაკვეთილებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება უნდა იყოს და აუცილებლად ჩატარდეს დეზინფექცია.

წესი მესამე: ყველა სკოლაში თითო ექიმი

რეკომენდაციების თანახმად, თითოეულ სკოლაში უნდა იყოს მოწყობილი სამედიცინო კაბინეტი მითითებული აღჭურვილობით და მედიკამენტების ჩამონათვალით.

სავალდებულოა თერმომეტრი, ტონომეტრი, სათბურები, სასწორი, სიმაღლის გასაზომი, მაცივარი.

მედიკამენტებს შორის კაბინეტში უნდა იყოს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური, პირღებინების საწინააღმდეგო, საგულე საშუალებები, ცხვირის და ყურის წვეთები, ამოსახველებელი და სხვა მედიკამენტები, რომლებიც პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის არის საჭირო.