თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. დღეს დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან უცნობია მხოლოდ ორის წყარო, რომელთა დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი მესტიასთან არის დაკავშირებული, ცხრა ინფიცირებულთან კონტაქტია, ორი კი იმპორტირებულია.
„დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია ორის გარდა. ამ ორი პირის წყაროს დასადგენად კვლევა მიმდინარეობს. დანარჩენი ორი მესტიის ეპიდაფეთქებასთან არის დაკავშირებული, რასაც ლენჯერის კლასტერს ვეძახით. ცხრა ინფიცირებულთან კონტაქტია და ორი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა. ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, მესტიასა და ყაზბეგშიც ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მესტიაში დღეისთვის კორონავირუსის 47 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ყაზბეგში - 14.
„მთლიანად მესტიაში 3367 ნიმუშია აღებული და გამოკვლეული, ამას ემატება დაახლოებით 1009 ნიმუში, ეს არის იმ პირთა ნიმუშები, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიაში. ქვეყანაში მოსახლეობის თვითშეგნება გაზრდილია, მათ მიმართეს ლაბორატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს. 47 დადებითი შემთხვევა გვაქვს, რომელთა უმრავლესობა გახლავთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. სიტუაცია სრულად მართვადია. რაც შეეხება ყაზბეგს, აქ გვაქვს 14 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ოთხი არის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, დანარჩენი მათთან კონტაქტები. დაახლოებით 380-მდე ნიმუშია სულ აღებული. კარგია ის, რომ ყაზბეგში აღებული ბოლო სამი დღის ნიმუშებიდან ჯერ არც ერთი დადებითი არ არის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ქობულეთს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, ქობულეთში კორონავირუსთან მიმართებაში საპანიკო არაფერია.
დღეს დადასტურებული კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა. გუშინ კი კორონავირუსი დაუდგინდა ქობულეთში მდებარე კაფე „ჰავანას“ თანამშრომელს.
„შემთხვევა დადასტურდა ერთ-ერთ კაფეში, სადაც ღია სივრცეში ხალხის შეკრება იყო. სამივე ინფიცირებული თბილისიდან არის ჩამოსული. ისინი ზაფხულობით დასაქმებულები არიან ქობულეთში. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი. თვითონ ამ კაფე-ბარში გამკაცრებულია რეგულაციები, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის თქმით, ეპიდსიტუაცია ქობულეთში კონტროლირებადია, ეპიდემიოლოგები კაფე „ჰავანაში“ მუშაობას აგრძელებენ და კონტაქტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. გუშინ კარანტინის ზონაში ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებიდან 54 ადამიანი გადაიყვანეს.
„აჭარაში გამოვლინდა ოთხი დადასტურებული შემთხვევა, აქედან ორი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, ხოლო ორი უკავშირდება ქობულეთის უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტებს. ახლო კონტაქტებად განისაზღვრა 54 პირი, ესენი არიან როგორც ოჯახის წევრები, ასევე მეგობრები და თანამშრომლები. საერთო რეკომენდაციაა, რამე ჩივილის გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეები დაუკავშირდნენ „112“-ს ან მიმართონ ცხელების ცენტრებს“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.
მისი თქმით, კაფე „ჰავანა“ მუშაობას ახალი თანამშრომლებით აგრძელებს.
მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია >>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1336-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 249 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.