მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კონსტანტინე გვეტაძემ.

მესტია, კონტაქტები და მძღოლი: მონაცემები კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

გვეტაძის თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლდება.

„ფაქტობრივად, მესტიის მუნიციპალიტეტის 90% უკვე მოცულია, თავისი სოფლებით, თავის დაბით. დღეს კიდევ დაემატა აღებული 246 ნიმუში და ჯამში რაც ეს პროცესები დაიწყო, 3 367 ადამიანია გატესტილი. ჩანს, რომ დაზარალებულ ზონაში დადასტურებული შემთხვევების მატება არის ძალიან ცოტა“, - განაცხადა გვეტაძემ.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც განაცხადა, რომ  თბილისში სულ 14 კოვიდინფიცირებულია, ვისი ინფიცირების წყაროც მესტიაში ყოფნას უკავშირდება.

„ბოლო დღეებში თბილისში ათასამდე ადამიანმა მიაკითხა ცხელების ცენტრებს, ვინც ნამყოფი იყო მესტიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. აქედან ცხრა გუშინ გამოვლინდა. მანამდე იყო კიდევ შემთხვევა გამოვლენილი. ასე რომ, სულ 14-მდე ადამიანია თბილისში, ვისი ინფიცირებაც მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას უკავშირდება“, – აღნიშნა იმნაძემ.
მესტიაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება

მესტიაში არსებული საკითხების გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია. პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად დღეისათვის სულ 300 ათასი PCR-ტესტი გაკეთდა.

იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რა ხდება ქობულეთში >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.