თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოხტა, მძიმეა.
შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გუშინ, 14 აგვისტოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა და მოულოდნელად სასტუმროს მეოთხე სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.
მამაკაცი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში რეანომობილით გუშინვე გადაიყვანეს. იგი უგონო მდგომარეობაში იყო და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება“, - განაცხადეს კლინიკაში.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი საქართველოში 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან შემოვიდა, რის შემდეგაც ის, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
მომხდარ ინციდენტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.