იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რა ხდება ქობულეთში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ყველა იმ მოქალაქემ, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ,  სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს უნდა მიმართოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ინფიცირებულია ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მუშაობს.

„ეს ქალბატონი თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდ არის ჩასული. ის ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ მუშაობდა. აქ მომუშავე პერსონალი, ყველა, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, ყველა მოკვლეულია და იზოლაციაშია გადაყვანილი. მათ გამოიკვლევენ, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად გავაფრთხილო ისინი, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ამ კაფეში იმყოფებოდა, რომ ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც გამოუვლინდებათ სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა  იმნაძემ.
მესტია, კონტაქტები და მძღოლი: მონაცემები კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, იმნაძის თქმით, ცხრა ინფიცირებული იმყოფებოდა მესტიაში, ერთი - ყაზბეგში ინფიცირებულის ოჯახის წევრია, სამი - ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო ერთი - სომხეთიდან ჩამოსული მძღოლია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.