ახალი კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ ბიზნეს-ასოციაციაში შეაფასეს

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის ინიცირებას მიესალმებიან და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა, ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას, მიაჩნიათ საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა ახალ კანონპროექტზე „მეწარმეთა შესახებ“, რომელსაც, მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ ბიზნესმენებიც მრავალი წელია ელოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის, გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა“, – ნათქვამია ბიზნეს-ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დღეს მოქმედი სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი კანონი მოძველებულია და წლების განმავლობაში განხორციელებული უსისტემო ცვლილებების გამო ის შეუსაბამოა დღეს არსებულ რეალობასთან და გამოწვევებთან.

მასშტაბური რეფორმა – რა სიახლეები შევა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონპროექტში

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ახალი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციული ფორმების უფრო მეტად დახვეწას, სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის განჭვრეტადი გარემოს შექმნასა და შესაბამის ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოებში ერთიანი პრაქტიკის განვითარებას.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე სამუშაო პროცესის შედეგად... დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი კანონის პროექტზე, რომელიც დიდწილად თანხვედრაშია როგორც ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, ასევე პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და ჩვენი ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით არსებულ გამოწვევებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია გამოხატავს მზადყოფნას, რომ ანალოგიურად, როგორც სხვა შემთხვევებში, აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო განხილვების პროცესში და გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.

რა დახმარებით ისარგებლა ქართულმა ბიზნესმა: ეკონომიკის მინისტრის ანგარიში>>

ახალმა კანონმა „მეწარმეთა შესახებ“, პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში, მომავალი წლიდან 1994 წელს მიღებული დოკუმენტი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც, თეა წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას, ბიზნეს-წრეების ინტერესებსა და გამჭვირვალობის პრინციპებს, რომელიც თავისუფალი მეწარმეობისთვის აუცილებელია.