კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების წყარო სამ შემთხვევაში უცნობია. ეპიდემიოლოგები მათ დადგენას ცდილობენ.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთი სამედიცინო მუშაკია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

„კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან ექვსის წყარო (სვანეთის სოფელ) ლენჯერს უკავშირდება, 11 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდანაა, ხოლო სამის წყარო ჯერ უცნობია და კონტაქტებისა და წყაროს გამოსავლენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 17 პაციენტი. ამჟამად COVID–ცენტრებში 204 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსი მსოფლიოში – 14 აგვისტოს მონაცემები

ეზუგბაიას განცხადებით, შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სტაბილური, დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება; 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ასევე სტაბილური. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ეპიდემიოლოგების მონაცემებით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 83%.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას განცხადებით, მძიმე მდგომარეობაშია სამი პაციენტი, თუმცა მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1306 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 7597 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.