აშშ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს აწესებს – ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებსაც

აშშ-ში შესვლა, პირველ რიგში, ეზღუდებათ იმ პირებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორიაზე ლეგალურად ცხოვრების უფლება არ გააჩნიათ, ამ ქვეყანაში ვერ შევლენ, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში ისინი იმყოფებოდნენ ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში ან ირანში, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ საიმიგრაციო ვიზა არ წარმოადგენს აშშ-ში ცხოვრების ლეგალურ უფლებას. შესაბამისად, თუ ადამიანს საიმიგრაციო ვიზა აქვს, აშშ-ში ზემოაღნიშნული ქვეყნების გავლით მაინც ვერ მოხვდება.

კვიპროსი საქართველოსთვის საზღვარს ხსნის

არის გამონაკლისებიც უცხოეთის მოქალაქეებისთვის. ესენია ოჯახის არასრულწლოვანი წევრები, სხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები და მათი ნათესავები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით უშვებს გამონაკლის შემთხვევებს გარკვეული კატეგორიის პირებზე, რომლებიც ამერიკაში შენგენის ზონის ქვეყნებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან მიემგზავრებიან. კერძოდ, საუბარია სტუდენტებზე, ინვესტორებზე, ტრეიდერებზე, აკადემიკოსებსა და ბიზნესმენებზე.