თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საპროტესტო აქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში გაიმართა - მოსახლეობა მდინარე სუფსას კალაპოტში ქვიშისა და ხრეშის მოპოვებისა და იქ მოწყობილი კარიერის წინააღმდეგ გამოდის, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ადგილობრივებმა დაბლოკეს ცენტრალური გზა, რომელზეც მოძრაობა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ აღდგა. ამჯერად მოსახლეობის პროტესტის ადრესატი გახდა ერთ-ერთი კომპანია („სამი ძმა“), რომელიც მდინარიდან ინერტულ მასალას მოიპოვებს.
სოფლის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ კარიერი სერიოზულად აზიანებს მდინარეს, რადგან სუფსას ამდენი ნატანი არ აქვს, რომ ორ კომპანიას ეყოს.
ადგილობრივების თქმით, მოპოვების შედეგად დაზიანებულია მდინარის კალაპოტი და გზები, ჭებში წყალი შრება. მოსახლეობა ერთ-ერთი კომპანიის წასვლას მოითხოვს.
კომპანიის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრა არ ისურვეს.