მახინჯაურში ავარიის დროს დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი – ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი დღეს გარდაიცვალა, იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

საზარელი ავტოავარია აჭარაში – დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც ბავშვი მძიმედ დაშავდა, მახინჯაურში 9 აგვისტოს მოხდა. ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი – ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.