თბილისის, 13 აგვისტო – Sputnik. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასწარი მოსმენა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 27 აგვისტოს გაიმართება, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
სამშაბათს გენერალურმა პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეში გარღვევის შესახებ განაცხადა და ხუთ ფიგურანტს ბრალი წაუყენა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი მდინარე არაგვის პირას მოიმწყვდიეს, სასტიკად სცემეს და ჯერ კიდევ ცოცხალი მდინარეში გადააგდეს. 19 წლის ბიჭის ცხედარი იქ ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
საქმეზე პირველი წინასწარი მოსმენა პარასკევს შუამდგომლობებით დაიწყო. პროკურორებმა შემოიტანეს წინადადება, საქმის მოსმენები 27 აგვისტოსთვის გადაიდოს.
„დღეს, სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის განსაზღვრასთან დაკავშირებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს 2020 წლის 27 აგვისტოს“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.
მისი თქმით, ეს დრო ეყოფა პროკურატურას, რათა საქმე დაიხუროს და ყველა მტკიცებულება იქნას წარდგენილი.
„ბრალდების მხარეს, რა თქმა უნდა, აქვს მოლოდინი იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომელიც საქმეშია მოთავსებული, რომ სასამართლო ალბათობის მაღალი ხარისხით იმსჯელებს და გადასცემს საქმეს არსებითი განხილვისთვის“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
ხუთივე ბრალდებულის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათ ყველა დეტალის შესასწავლად სჭირდებათ დრო, რათა მათ დაცვის ხაზის ჩამოაყალიბონ. პროკურატურამ აუკრძალა მათ გუშინ გადაცემული მასალების დეტალების გასაჯაროება, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა ადვოკატებს განეცხადებინათ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალის კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.
მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს დღემდე არ აღიარებენ.
შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდება წარედგინა ვასილ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და ორ არასრულწლოვანს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ისინი ჯერ მისდევდნენ ბიჭს, შემდეგ მოიმწყვდიეს მდინარესთან, სასტიკად სცემეს ხელკეტით, ქვებით, ფეხებით და მუშტებით და ჯერ კიდევ ცოცხალი მდინარეში გადააგდეს.
ვერსიას, რომ შაქარაშვილი იყო ცოცხალი, როდესაც წყალში აღმოჩნდა, ამტკიცებს ექსპერტიზა, რომელმაც დაასკვნა, რომ ბიჭის გარდაცვალების მიზეზი გახდა მდინარის წყალი - ის დაიხრჩო.